ყოჩები სკოლებში – სპეციალისტები საფრთხეებზე საუბრობენ

„ჩემი შვილის ჯგუფში არის ერთი ბიჭი, კლასის ყოჩი, ტანადაც სხვებზე დიდია და ფიზიკურადაც ძლიერი. ჩაგრავს მასზე პატარებს. არაერთხელ დადგა სკოლიდან მისი გარიცხვის საკითხი. თუმცა მგონია, რომ გარიცხვით არაფერი ეშველება საქმეს, იმიტომ, რომ მასაც პრობლემები აქვს და მასაც დახმარება ესაჭიროება და ზოგადად ბულინგი სერიოზული პრობლემაა“, – მიაჩნია მე-7 კლასელი ერეკლეს მშობელს.

ბულინგი ინგლისური სიტყვაა და ყოჩობას, ძალმომრეობას ნიშნავს. ბულინგი მსოფლიო პრობლემაა და იგი ყველა სკოლის ყველა კლასს უდგას მეტნაკლები სიმძაფრით. ნებისმიერი სკოლის ნებიმიერ კლასს ყავს თავისი ყოჩი/მოძალადე და თავისი მსხვერპლი/დაზარალებული. მსოფლიო წლებია ბულინგის საკითხს პრობლემად მიიჩნევს და მას სხვადასხვა მეთოდებით უპირისპირდება. თუმცა, როგორც ქართველი სპეციალისტები აღნიშნავენ, საქართველოში ჯერ კიდევ დგას ბულინგთან არა თუ ეფექტურად ბრძოლის, არამედ ბულინგის, როგორც სერიოზულ პრობლემად, აღიარების საკითხი.
„სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ბულინგის როგორც პრობლემის რეალური სახე და მასშტაბი საქართველოს სკოლებში აღიარებული არ არის. ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობისგან: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა პედაგოგიურ პერსონალს ჰქონდეს ინფორმაცია ბულინგის შესახებ, ისინი მას არ ან ვერ უპირისპირდებიან“, -აღნიშნავს უფლებადამცველი ანა არგანაშვილი.
სპეციალისტების თქმით, პედაგოგებთან ერთად ხშირად ბულინგის საფრთხეს მშობლებიც ვერ აფასებენ სათანადოდ. მას ასაკობრივ მოვლენად და ნორმალურ გამოვლინებად მიიჩნევენ. იმედოვნებენ, რომ იგი ასაკთან ერთად გაივლის. „ბავშვები არიან, ჩვენს დროსაც ასე იყო, მაგრამ მერე ღიმილით მოიგონებენ ამ ჩხუბს და დაპირისპირებას“, – მიაჩნია მე-12 კლესელი დათოს მშობელს.
„იჩხუბებენ შერიგდებიან“, – აღნიშნავს ერთ-ერთი პედაგოგიც.
სამაგიეროდ სხვაგვარად უყურებს საკითხს მე-7 კლასელი ერეკლეს დედა, მისი აზრით სასკოლო ძალადობა ეს არ არის მხოლოდ ასაკობრივი და ნორმალური მოვლენა. თანაც, მისი აზრით ამ დაპირისპირებაში დახმარება ორივე მხარეს ჭირდება – როგორც მოძალადეს ისე დაჩაგრულს. „ამიტომ მგონია, რომ სკოლას ფსიქოლოგი ჭირდება. ვინც მსხვერპლებსაც დაეხმარება და მოძალადესაც“, – ამბობს ერეკლეს მშობელი.
სკოლებში ფსიქოლოგის ყოფნის აუცილებლობაზე მიუთითებს მკვლევარი გიორგი ნონიაშვილიც: „მნიშვნელოვანია სკოლებში ფსიქოლოგის სერვისის არსებობა, რომელიც როგორც ყოჩს გაუწევს დახმარებას, ისევე მსხვერპლსაც“, – აღნიშნავს ნონიაშვილი.
ფსიქოლოგთან ერთად სხვა სერვისებზეც აქცენტირებს ანა არგანაშვილი: „გარდა ფსიქოლოგისა უნდა იყოს ასევე სოციალური სამსახური, რესურს-მასწავლებელი და სხვა. ფსიქოლოგის მუშაობა საჭიროა იყოს მრავალმხრივი და არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ უკვე აღმოჩენილი ბულინგის შემთხვევებზე რეაგირებით. საჭიროა ფსიქოლოგმა წინასწარ იმუშაოს პრევენციაზე, რისკ-ჯგუფებში შემავალ ბავშვებზე, სკოლაში არაძალადობრივი გარემოს და კომუნიკაციის დამყარებაზე, კონფლიქტების ანალიზზე და მართვაზე და ა.შ.”.
მართალია ფსიქოლოგი არა ყავთ, თუმცა გარკვეული სახის პრევენციას მიმართავენ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში. სკოლაში აღიარებენ ბულინგის არსებობას და მასთან ბრძოლას სხვადასხვა მექანიზმებით ცდილობენ. „ძალადობა თინეიჯერებში ძალიან მტკივნეული საკითხია. ჩვენ სამწუხაროდ გვიწევს შედეგებთან ბრძოლა და შედეგებს რომ არ ვებრძოლოთ ამისთვის ვიწყებთ პრევენციული ზომების გატარებას სკოლებში. ჩვენთან არის უამრავი პროექტი, ხორიელდება ცხოვრების ჯანსაღი წესის და სპორტული ცხოვრების პროპაგანდა. არის სახელოვნებო წრეები. მოსწავლეთა თვითმმართველობას აქვს კლუბი ჩამოყალიბებული, რომელიც აქტიურად მუშაობს და ერთ -ერთი აქტივობა არის ცნობილი ადამიანების მოწვევა. ისინი მოსწავლეებს აცნობენ საკუთარი ცხოვრების წესს, ფასეულობებს. ამ აქტივობებით ვცდილობთ, რომ ბავშვებმა თვითგამოხატულება ჰპოვონ არა ძალადობაში, არამედ სხვადასხვა საქმის კეთებაში“, – აღნიშნავს მე-17 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაია.
თუმცა დირექტორის თქმით ილუზიებს მაინც ნაკლებად ეძლევიან, რადგან არსებობს „ფარული ბულინგი“, ამიტომ, მისი აზრით, მუშაობას კიდევ უფრო ფართო ხასიათი უნდა მიეცეს.
„არის ფარული ბულინგი, შეიძლება რომ მკითხოთ გიპასუხოთ რომ არაფერი პრობლემა არა არის, იმიტომ რომ არ ჩანს. ამიტომ იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგად არის მაინც ილუზიაა. მაგრამ ყველაფერი რომ კარგად იქნება, ეს არის ჩვენი იმედი და ამაზე ვმუშობთ დაუღალავად“, – ამბობს ირინე ჯგერენაია.
დაუღალავი შრომის საჭიროებაზე მიუთითებენ ბულინგის მკვლევარებიც, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რთულ შედეგებზე აქცენტირებენ. „ბულინგის პრობლემის არასათანადო შეფასებამ შეიძლება მძიმე შედეგი მოიტანოს როგორც ინდივიდუალურ ბავშვთან მიმართებაში, ისე საზოგადოებასთან მიმართებაში. ბავშვის შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ ბულინგი შესაძლოა გადაიზარდოს აგრესიის უფრო მძიმე ფორმებში, გამოიწვიოს ბავშვის დათრგუნვა, ძალადობა და ძალიან მძიმე შემთხვევებში არსებობს სუიციდის რისკიც“, – აღნიშნავს ანა არგანაშვილი.
სხვადასხვა რისკებთან ერთად ჩნდება იმის რისკიც, რომ მსხვერპლი თავად იქცეს მოძალადედ.
„მახსოვს ჩვენს სკოლაში იყო ერთი ბიჭი, ჩუმი იყო, უკონტაქტო, მეგობრები თითქმის არ ყავდა. ყველა დასცინოდა, არა მხოლოდ კლასელები, სხვა მოსწავლეებიც. ახლა ვიცი, რომ ბადრაგად მუშაობს ციხეში და სისასტიკითაც გამოირჩევაო როგორც მითხრეს. ანუ მსხვერპლიდან ჯალათი მივიღეთ“, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s