არჩილ გეგენავა – მხატვრობაში სიშიშვლე მისაღებია, ფოტოგრაფიაში – ჯერ კიდევ არა

მიჩნეულია, რომ შიშველი სხეულის ფოტოგრაფირება ამოწურული და გადაღეჭილი თემაა. თუმცა ამ ამოწურულ თემას საქართველოში კვლავ პრობლემები ხვდება და ნუდი არტს კვლავაც იატაკქვეშეთში უწევს არსებობა. რა არის ამის მიზეზი? რატომ უჭირთ საქართველოში სილამაზის მიღება? რატომ ვერ შეიცვალა საზოგადოება?
აღნიშნულ საკითხებზე kutaisipost-ს ქუთაისელი ფოტოგრაფი არჩილ გეგენავა ესაუბრება.

1654308_832006796820390_5260976638470669654_n

– რატომ ინტერესდები სწორედ ქალის სხეულის ფოტოგრაფირებით? რა ენა აქვს ქალის სხეულს? რა მესიჯებს გზავნის? თითქოს ამოწურული თემა რითაა ასე საინტერესო?
– მთელი კაცობრიობა შეთანხმებულად გამოხატავს ქალის სხეულს, იმიტომ რომ სრულყოფილი ნიმუშია, უკვე შედევრია, რითაც ღმერთმა დაასაჩუქრა და დააჯილდოვა ქალი. აქედან გამომდინარე მეც არ ვკამათობ ამ თემაზე. რადგან რეალურად და ბუნებრივად შედევრია. უბრალოდ ვცდილობ, ჩემი გადაღებული ფოტოებიდან გამოჩნდეს ეს მშვენიერება. ქალი სიმბოლოა, სიმბოლო სიმშვიდის, ჰარმონიის, ბუნებრიობის, ყველაფერი ეს ერთმანეთთანაა შეხამებული. ჩემი ინტერესის სფეროც ეს არის, რომ ვეცადო ჩემებურად გადმოვცე ეს ჰარმონია, სიმშვიდე და სხეულში გამოსახული მუსიკის ჰანგები. რამდენად გამომდის ან არ გამომდის, სხვების შესაფასებელია.
– ნუდი არტი შენი მუშაობის ძირითად ხაზს წარმოადგენს ?
– მარტო ეს მიმართულება არ არის ჩემი სფერო, ფოტოგრაფია იმდენად ფართო მასშტაბებს მოიცავს, იმდენად დიდია და ამოუწურავი, რომ მარტო ნუდიარტით ვერ შემოიფარგლები. თანაც, შიშველი სხეული შესწავლილია ფოტოგრაფებისა და მხატვრების მიერ. თუმცა, ბუნებრივია ვცდილობ ჩემებურად გამოვხატო ფოტოზე და ავსახო ჩემი დამოკიდებულება. ამასთან ერთად ქუჩის ფოტოგრაფია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მიმართულებაა. რეპორტაჟული, სოციალური ფოტოც, მიზიდავს ქალაქის ცხოვრება, დინამიკა, პორტრეტები უცხო ადამიანების. ეს მხიბლავს და ფოტოზე ასახვის სურვილს მიჩენს. თუმცა ქალის შიშველი სხეულის ასახვაც მნიშვნელოვანი, გამორჩეული და საინტერესო მიმართულებაა.
– რამდენად რთულია ფოტოგრაფისთვის, მხატვრისთვის ქუთაისში ამ ჟანრში მუშაობა?
– საზოგადოება სხვანაირად უყურებს ნუდიარტს. ამიტომ, ჩემს ფოტოებშიც, გარდა ერთი შემთხვევისა, მოდელის სახე სულ დამალულია. საზოგადოება ჯერ კიდევ მზად არ არის იმისთვის, რომ მის გვერდით ვინმეს გადაუღონ შიშველი ფოტო და ეს მან მშვიდად მიიღოს და აღიქვას ხელოვნებად. დიდი ალბათობით ამ პროცესს ცუდად შეხედავს. თუმცა, სინამდვილეში უმრავლესობას, შიშველი სხეულების ფოტოგრაფია მოსწონს. ამას ხშირად პირად საუბრებშიც გამოხატავენ. თუმცა ვერ წარმოუდგენიათ მათ ნაცნობზე, ახლობელზე ამგვარი ფოტოების გადაღება. მიუხედავად ამისა, ჯერჯეობით მაინც ვახერხებ ქუთაისში იმ ადამიანების პოვნას, რომლებიც თანახმა არიან ნუდიარტში მოდელის როლი იკისრონ. იხილეთ ფოტოგალერეა
– ქალის რაიმე განსაკუთრებილი ტიპი გჭირდება რომ შენი სათქმელი გამოხატო?
– ინტერესი იცი რას აქვს? სხვადასხვა ტიპის ქალს რომ გადაუღებ. ყველა არ არის იდეალური ფორმის შეიძლება, მაგრამ ყველას გააჩნია თავისებური, უნიკალური სილამაზე და შენი ამოცანაა ეს სილამაზე გამოხატო ფოტოზე. მსუქანია, სუსტია ეს ყველაფერი, მეორეხარისხოვანია ყოველთვის. მაგრამ, არის მეორე ვარიანტი, როდესაც ქალის სხეულს, როგორც სიმბოლოს ისე გამოსახავ და სხეულის სილამაზეზე აქცენტს არ აკეთებ. ასეთი შემთხვევებიც ყოფილა. კონცეპტუალური ფოტოსერიის გამოფენის გაკეთებაც მინდოდა „კომუნიზმი – ვარდის ჩაით“, რომელიც თავს უყრიდა ყველა იმ ჟანრს რაშიც აქამდე მიმუშავია. ყველა ამ ჟანრიდან აღებული ერთი თაიგული მინდოდა გამეკეთებინა. იქ შიშველი სხეულის სამი ოთხო ფოტო იყო მხოლოდ. მაგრამ სამწუხაროდ მეხსიერების ბარათი დავკარგე. მხოლოდ რამდენიმე ფოტო დამრჩა. ფოტოსერიის აღდგენას ვაპირებ. რადგან ახლაც აქტუალურია ეს თემა. მაგრამ დრო მინდა, რომ ხელახალი მობილიზაცია გავუკეთო. ეს სერია დღევანდელობისადმი, პოლიტიკურ-კულტურული მოვლენებისადმი ჩემი დამოკიდებულების ასახვა იქნება.
– ქართულ პოლიტიკასა და ქართულ ეროტიკას ბევრი აქვთ ალბათ საერთო?
– პოლიტიკაც და ეროტიკაც წარსულში, აწმყოსა და შეიძლება მომავალშიც ერთსა და იმავე ხაზზე მიდის და სწორედ ამ კავშირის ჩვენება მინდოდა. ვფიქრობ, კარგი გამოფენა გამოვიდოდა. ბევრი საკუთარ თავსაც დაინახავდა. სკანდალური არა, მაგრამ სალაპარაკო თემა გახდებოდა.
– ალბათ მნიშვნელოვანია ამ თემაზე ღიად საუბარი?
– ტაბუდადებული და ჩაკეტილი საზოგადოება შევიქენით ამ 70 წლის მანძილზე. როდესაც საბჭოთა კავშირში „სექსი არ არსებობდა“, სექსთან ერთად სიშიშვლეც. იმდენად ჩაკეტილი ვიყავით ვერ წარმოგვედგინა „შიშველი ხელოვნება“, მხატვრებიც მეტნაკლებად ერიდებოდნენ ამ თემას, რაღაც დონეზე იხატებოდა, თუმცა მაინც ფრაგმენტული ხასიათი ქონდა. ფილმებში სექსის სცენები მხოლოდდამხოლოდ ნაგულისხმევი იყო. გამოტოვებდნენ ეპიზოდს, მერე აჩვენებდნენ, რომ პერსონაჟმა შეიკრა საყელო და ამით უნდა მივმხდარიყავით. არსებობს ნატო ვაჩნაძის რამოდენიმე ეროტიკული კადრი. გამჭვირვალე კაბა აცვია, სადაც სხეულის ლამაზი ფორმები ჩანს, რომელიღაც ფილმიდან არის ამოჭრილი ეს დეტალები. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ სისტემამ მთელი ჟანრი და მიმართულება გააქრო და ტაბუდადებული გახადა, პრინციპში დღევანდელ დღემდე.
– იმის თქმა გინდა, რომ საზოგადოება მაინცადამაინც არ შეცვლილა?
– არ შეცვლილა. დღეს მხატვრობაში სიშიშვლე მისაღებია, ფოტოგრაფიაში ჯერ კიდევ არა. საზოგადოების ნაკლებგანვითარებულობას ისიც მეტყველებს, რომ ტელევიზორში, როდესაც გამოჩნდება ვიღაც შიშველი, ის გადაცემა ან ის თემა უცებ პოპულარული ხდება. ანუ ეროტიკის მიმართ სიმანდვილეში დიდი ინტერესი არსებობს, მაგრამ არ შეუძლიათ ეს ჩვეულებრივად მიიღონ, ან აღიარონ რომ ეს მათთვის საინტერესოა. ამორალობა სულ სხვა რამაა, თუმცა არც შენი თავისუფლებით უნდა შეზღუდო სხვისი თავისუფლება. იცხოვრე ისე როგორც თვლი სწორად, მაგრამ სხვის ცხოვრებაში ხელებს ნუ უფათურებ.
– საქართველოში ამ საკითხშიც პოლარიზიება ხდება, საზოგადეობის ერთი ნაწილი ქალებს, რომლებმაც გაბედეს და სხეული გამოაჩინეს, ამორალებად მიიჩნევს, მეორე ნაწილი გმირებად…
– ზომიერება გვაკლია, ოქროს შუალედი გვჭირდება. ჩემი მეგობარია, ვახსენე კიდეც. იმდენად ძლიერი ადამიანია, მიკვირს და მშურს კიდეც მისი. სახის დამალვაზე უარი თქვა, ისე გადავიღეთ ფოტო, ძალიან ლამაზი ფოტო გამოვიდა .უნდა ითქვას, რომ ამ ფოტოს არანაირი უარყოფითი რეაქცია არ მოყოლია იმ წრეებში, რომელშიც გავაზიარე. სილამაზედ აღიქვეს და სალაპარაკო არ გამხდარა. ამიტომ, ალბათ ფოტოზე და ფოტოგრაფზეც არის დამოკიდებული როგორ გადაიღებს. ვინც ვერ აღიქვამს, ვცდილობ ავუხსნა, თუმცა მერე პოლემიკაში არ შევდივარ, რადგან ხშირ შემთხვევში აზრი არა აქვს. თუმცა ჩემი ვალდებულება არ არის ვინმეს რამე ავუხსნა. ჩემი ვალდებულებაა ფოტო გადავიღო. ერთი სერია მქონდა. საზოგადოების შებოჭილობაზე: შიშველი გოგონა იყო თოკებით დაბმული, სახეზე აფარებული ქონდა ნიღაბი. ამით გამოვხატე საზოგადოება, რომელსაც თავისი სახე არ გააჩნია და ვიღაცების ენით ლაპარაკობს, არის შებოჭილი, შეკრული და არც ცდილობს შებოჭილობის გახსნას, როდესაც დავდე ინტერნეტში ვიღაცების მიერ სადო-მაზოხიზმად და პორნოგრაფიად ჩაითვალა. იქ არ დამიწყია ახსნა-განმარტებები. უბრალოდ იყო ერთი-ორი ადამიანს, ვისი აზრიც მნიშვნელოვანი იყო, მარტივად ვუთხარი, რომ ეს ჩვენი საზოგადოების სიმბოლო იყო და ისინიც მაშინვე მიხვდნენ.
– გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველო კავკასიაში ყველაზე აქტიური მომხმარებელია პორნოსაიტების. ანუ საქართველოში ღიად ტაბუს ადებენ ეროტიკას, ნუდიარტს, თუმცა ფარულად ძალიანაც ინტერესდებიან პორნოგრაფიით.
– ამის მიზეზი სექსის ნაკლებობაა. ჩვენ თავისუფლებას ვერ აღვიქვამთ, ვერ ვიაზრებთ, ვერ ვიღებთ საკუთარ თავს. ვერ ვიღებთ სილამაზეს. ჩვენ გვინდა, მაგრამ არ ვიცით როგორ მივიღოთ. ბევრი პრობლემა, რაც ლამაზი ქალის მიმართ არსებობს აქედანაა გამოწვეული. ხშირად ვამბობ, რომ ლამაზი ქალი ცოდოა. გასნაკუთრებით ქუთაისში. ათასი ბიჭი უყურებს და თავის დამოკიდებულებას გამოხატავს უხეშობით. არ იცის როგორ იურთიერთოს სილამაზესთან, როგორ მიიღოს სილამაზე. ის ენერგია რაც უნდა დახარჯონ სექსის დროს, ვერ ხაჯავს და გადადის აგრესიაში, უხეშობაში. კავკასიელები ტემპეტამენიტიანები ვართ და ეს ტემპერამენტი ხშირად გამოიხატება უკუღმართად. ესეც არის მიზეზი, რომ მიწისქვეშეთში ვითარდება ნუდი არტი.

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s