არასამთავრობო ორგანიზაციები თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა დაკავებაზე განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა დაკავებას ეხმაურებიან:
logi_0

“28 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

30 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ხუთივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის გარემოება, რომ ბრალის წარდგენის დროს, იმ მოტივით, რომ პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას, დაცვის მხარეს უარი ეთქვა საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ასლების გადაცემაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აგრეთვე ბრალდებულთა ადვოკატებმა. სამწუხაროდ, დღემდე ირღვევა საქართველოს სისხლის სამართლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესი, რომლის თანახმად პროკურატურა ვალდებულია საქმის მიმდინარეობის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარეს გადასცეს მტკიცებულებები. კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა ის გარემოება, რომ სასამართლოს ამ მნიშვნელოვან კანონდარღვევაზე რაიმე რეაგირება არ მოუხდენია მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მითითებული მუხლის თანახმად, სასამართლო ვალდებული იყო დაუშვებელ მტკიცებულებად ეცნო ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, რადგან დაცვის მხარეს, მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე არცერთი მტკიცებულება არ გადასცემია. შესაბამისად, რადგან პროკურატურა და სასამართლო არღვევს კანონის ზემოთ მითითებულ მოთხოვნას, გრიფის მოხსნის შედეგად, როგორც მინიმუმ, შესაძლებელი გახდება ბრალდებულებმა სრულყოფილად ისარგებლონ დაცვის კონსტიტუციური უფლებით.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს აგრეთვე ის გარემოება, რომ საქმის მასალებზე საიდუმლო გრიფის ნაწილობრივ მოხსნა მოითხოვა თავად ამ გრიფის მიმნიჭებელმა ორგანომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კერძოდ, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 და მე-18 მუხლების შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრომ განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმის მასალების ასლების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტისთვის გადასაცემად, რადგან ინფორმაციის განსაიდუმლებისათვის აუცილებელია სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვა.

საინტერესოა ის, გარემოებაც, რომ საქართველოს პროკურატურის განცხადებით, „გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველყოფისა და საზოგადოების მაქსიმალურად სრულად ინფორმირების მიზნით, საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წინასწარი წერილობითი დასტურით გასაჯაროვდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც არ მოახდენდა სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას”. რაც დიდი ალბათობით ნიშნავს, იმას, რომ პროკურატურამ სამართლებრივი დევნის დაწყებამდე სრულად მიაწოდა საქმის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის პასუხისმგებელ ორგანოს და აქედან გამომდინარე, ხელმეორედ შეუძლია გააკეთოს იგივე, ამჯერად უკვე თავდაცვის სამინისტროს განცხადების საფუძველზე.

29 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილ იქნა ოფიციალური პოზიცია ამ სადავო შესყიდვასთან დაკავშირებით. თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის, ასევე, პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებების საფუძველზე რთულია, ამ ეტაპზე საქმეში დაინახო დანაშაულის ნიშნები. ვფიქრობთ, რომ ბრალის წარდგენისას პროკურატურას ბრალდებულთა წინააღმდეგ უფრო წონადი მტკიცებულებები და არგუმენტები უნდა ჰქონოდა, მით უმეტეს, რომ საქმე ეხება ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ბრალდებულთა უფლებების სრულფასოვანი დაცვის უზრუნველყოფის და მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპების უზრუნველყოფის, აგრეთვე საქმისადმი მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის გამო, მოვუწოდებთ:

1. საქართველოს მთავარ პროკურატურას – დაუყოვნებლივ გადასცეს საქმის მასალები ბრალდებულთა ადვოკატებს, აგრეთვე უზრუნველყოს ამ მასალების საქართველოს შინაგან სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტისთვის მიწოდება;

2. საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს – უზრუნველყონ საიდუმლო მასალების განსაიდუმლოება იმგვარად, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას არ მიადგეს ზიანი და ამავე დროს, ხელი შეეწყოს გამოძიების გამჭვირვალედ წარმართვის პროცესს.

3. საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფს, აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესის მონიტორინგში და პირად კონტროლზე აიყვანოს საქმის მსვლელობა,” – ნათქვამია არასამთავრობოთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი (IDFI)

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s