„მე ლაზი ვარ საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა, ისტორიული სამშობლო. და ეს წიგნი ქართველ ხალხს მივუძღვენი დიდი სიყვარულის ნიშნად“,- განაცხადა ლაზმა მწერალმა უმით ოსმანაღაოღლუმ ქუთაისში სამეცნიერი ბიბლიოთეკაში გამართულ საღამოზე. საღამო უმით ოსმანაღაოღლუს წიგნის „მე ლაზი ვარ“ პრეზენტაციას მიეძღვნა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე, ასევე ჩოხოსნები და სხვები.
გამომსვლელებმა ბევრი ისაუბრეს ტაო-კლარჯეთზე, ლაზებზე, ისტორიულ ერთიანობაზე. წიგნს უწოდეს მღელვარე, სულისშერმძვრელი. ტექსტი, რომელიც იტევს ბევრ აქამდე უცნობ ინფორმაციას და დიდი ემოციითაა დაწერილი.
მე ვარ ლაზი მაშასადამე ქართველი – აღნიშნა უმით ოსმანაღაოღლუმ.
შეხვედრაზე დომინანტ სიტყვებს გენი, ჯიში, გენეტიკური ხე, ფესვები და წარმომავლობა წარმოადგენდა. პრეზენტაციაზე ისიც ითქვა, რომ უმითი თავის ქართულ წარმომავლობაში რომ დარწმუნებულიყო მან მონაწილეობა მიიღო ეთნოგენეტიკური კვლევის პროექტში, რომელიც ეთნოგენეტიკური კვლევის პროექტის დირექტორმა გიორგი ანდრიაძემ ჩაატარა. უმით ოსმანაღაოღლუს გენოტიპი G2a აღმოჩნდა, რითაც მისი ქართველობა დასტურდება, განმარტეს შეხვედრაზე.
„ლაზები აბსოლუტურად იდენტური გენეტიკური ფორმულის არიან როგორც დანარჩენი ქართველები. გენეტიკური ფორმულით დგინდება რომ ქართული ჯგუფი შედგება ორი დიდი შტოსაგან. უმითს G2a აღმოაჩნდა “,- აღნიშნა გიორგი ანდრიაძემ.
ეკა კუხალაშვილი