ეკა კუხალაშვილის ბლოგი – ამალიას, გაბრიელიVS ჩოლოყაშვილის დღეები და ალასანიას კვირეული – ახალი კალენდარი ფეისბუკზე

უკვდავ ტექსტებს შორის, რომელიც კაცობრიობას მისი არსებობის მანძილზე შეუქმნია, შეიძლება მოხსენიებულ იქნას კალენდარიც. ტექსტი, რომელიც დღეებს ამცნობს და პრაქტიკულად უთვლის მისივე შემქმნელებს. თუკი სხვა უკვდავი ტექსტების უმეტესობას ძირითადად მხოლოდ სპეციალისტები, ხელდასხმულები, განდობილები, სნობები ეხებიან. კალენდარი ყველაზე დემოკრატიული „უკვდავია“, მას ყოველდღიურად 7 მილიარდი ადამიანიდან შვიდიმილიარდივე ეხება.
1977435_735998009754603_1763568879_n

ჩვენ ვაზუსტებთ დღეთა, თვეთა ცვლას, ასევე ვეცნობით დღესასწაულებს – საეროს თუ საეკლესიოს. გრიგორიანული, ჩინური, მართლმადიდებლური, მაიას ტომისა და ბევრი სხვა კალენდრის მიხედვით ადამიანები გეგმავენ ცხოვრებას. მომავალს, იქამდე აღსასრულსაც. მაიას ტომის მზის კალენდარი, რომელიც ყველაზე პოპულარული ტექსტი იყო 2012- ში, სწორედ ჩვენი ცივილიზაციის აღსასრულს წინასწარმეტყველებდა და ბიბლიაზე მეტადაც აჯერებდა მრავალს მასში ჩაწერილი სიტყვების (ციფრების) უტყუარობაში. შესაბამისად, მაიას ტომის მზის კალენდრის მიმდევარნი გულისფანცქალით ელოდნენ წინასწარმეტყველების აღსრულებას. თუმცა, მოლოდინი გაუცრუვდათ, აპოკალიფსი არ დადგა. აპოკალიფსის წინასწარმეტყველებაზე საავტორო უფლება ისევ ბიბლიამ დაიბრუნა.
ბიბლიასთან ერთად კალენდარს სხვა კონკურენტიც გამოუჩნდა – სოციალური ქსელი ფეისბუკის სახით. ფეისბუკმა კალენდარს დემოკრატიულობასა და დღეებისთვის სახელების დარქმევის საკითხში გაუწია კონკურენცია.
მოგეხსენებათ, კალენდარი გვამცნობს დღეებს, რომელი გმირის თუ წმინდანის სახელობისაა ისინი, რომელ დღესასწაულს ეძღვნება იგი და ა.შ.
ფეისბუკიც გვამცნობს იმ მოვლენებს და იმ გმირებს, ვისი სახელობისაცაა ესა თუ ის დღე.
მაგალითად, გასულ კვირას საქართველოში აღინიშნა ამალია ჯიბლაძის დღე, მერე ბერი გაბრიელიVS ქაქუჩა ჩოლოყაშვილის დღე. უკვე რამოდენიმე ხანია გრძელდება თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას კვირეული.
ტრადიციული კალენდარი ამა თუ იმ გმირის ან მოვლენის აღსანიშნავად პრაქტიკულად გავალებს პატივისცემისა და მოწოწების, სიხარულის ან მწუხარების გამოხატვას. მაგალითად, აუცილებელია მაინცდამაინც გიხაროდეს ახალი წელი, რელიგიური განწყობა გქონდეს აღდგომას, დაბნეულად რელიგიური – შობას, პატრიოტული – 26 მაისს და ა.შ. ვიღაც გაუგებარი წმინდანის დღე მიულოცო ადამიანებს და მხოლოდდამხოლოდ ასე გამოხატო შენი მიმართება ამ წმინდანის მიმართ, ფეისბუკი ამას არ ითხოვს. იგი ცვალებადი გმირების, შერეული განწყობებისა და დამოკიდებულებების ქონის უფლებას გაძლევს.
მაგალითად, ამალიას დღე აღტაცებისა და იმედგაცრუების საშუალებას იძლეოდა, გაბრიელი VS ჩოლოყაშვილი ვიღაცისთვის აღშფოთების და ვიღაცისთვის კი მოწიწების შესაძლებლობას აჩენდა. ალასანიას კვირეული კი გმირებისა და ანტიგმირების და ერთდროულად რამოდენიმე დამოკიდებულების ქონის მთელი კასკადის არსებობის შესაძლებლობას ქმნიდა. ეს იყო გაოცების, ირონიის, გულისწყვეტის, გულისწყრომის, იმედისა, უიმედობის დღეები.
განწყობებთან ერთად, შესაძლებელი იყო გმირებისთვის სტატუსის ცვლაც, თუკი მაგალითად, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტის, მაია ფანჯიკიძის, მოადგილეების ერთი ნაწილი სამშაბათს ვიღაცის თვალში გმირი იყო, ოთხშაბათს ისინი ანტიგმირები გახდნენ და ა.შ.
ფეისბუკი ტრადიციული კალენდრებიდან განსხვავებით დიდ ინტრიგას აჩენს – არ იცი ხვალ ვისი დღე აღინიშნება და როგორი განწყობით უნდა შეხვდე ამ დღეს. ეს მოლოდინი საინტერესოს ხდის ხვალინდელ დღეს და იმის იმედსაც აჩენს, რომ ერთხელაც შენს დღესაც აღნიშნავს სრულიად ფეისბუქი 🙂 .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s