საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის 32 კმ-იან შემოვლითი გზა გახსნა. ღარიბაშვილის განცხადებით, გზის მშენებლობა მაღალი ხარისხით არის შესრულებული.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი. მაშინ როდესაც, წინა ხელისუფლების დროს 8 წლის მანძილზე მოხდა მხოლოდ 70 კმ-იანი ავტომაგისტრალის მშენებლობა, მინისტრა შავლიაშვილმა და მისმა გუნდმა 2 წელიწადში შეძლო 55 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა. ეს არის რეალური შედეგი, რითაც ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ მინისტრმა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს მიმართა, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი იყოს საჯარო და მოხდეს მათი გაცნობა საზოგადოებისთვის.
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით შავლიაშვილის განცადებით, ამ მასშტაბის საგზაო მონაკვეთი ჩქაროსნულ მაგისტრალზე ამ დრომდე არასოდეს გახსნილა.
“ეს არის მაღალი ხარისხის უსაფრთხო გზა, რომელსაც ევროპისკენ მივყავართ,” – განაცხადა შავლიაშვილმა.
32-კმ-იანი მონაკვეთი ქუთაისს სატრანზიტო ნაკადისგან განტვირთავს, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობას 30 წუთით შეამცირებს.
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო, საქართველოს მთავრობასთან ერთად აფინანსებს. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 181 მლნ ლარს შეადგენს.
მინისტრის განცხადებით გზის მშენებლობაზე 1000 ადამიანი იყო დასაქმებული.