მამუკა გელაშვილი – ქალების ხოცვა რეტროგრადების უკანასკნელი გაბრძოლებაა

ძალადობის გახშირებულ შემთხვევებთან რამდენად კავშირშია სიძულვილის ენა? ვისგან მოდის იგი? რა შედეგებს ვიმკით აღნიშნული ენის გამოყენების შემთხვევაში და არის თუ არა ფემიციდი სიძულვილის ენის ერთ-ერთი შედეგი?
kutaisipost-ის კითხვებს პასუხობს ფსიქოლოგი მამუკა გელაშვილი.
-ერთი კვლევა მინდა გავიხსენო, რომელიც რუანდაში რამოდენიმე სოფელზე დაკვირვების და შესწავლის შედეგად გაკეთდა. მოგეხსენებათ რუანდაში 1994 წელს გენოციდი განახორციელა ჰუტუს ტომმა და მილიონამდე ტუტსის ტომის წარმომადგენელი მოკლა. სიძულვილის ენის ზემოქმედების დასადგენად შესწავლილი იქნა რამოდენიმე სოფელი – ის სოფლები, სადაც რადიოს იჭერდა და ის სოფლები, სადაც რადიოს არ იჭერდა. შეისწავლეს სტატისტიკურად რამდენი ადამიანი მონაწილეობდა გენოციდში იქ სადაც რადიოს იჭერდა და იქ სადაც არ იჭერდა.
17267_100317336665609_6804646_n

აღმოჩნდა, რომ რადიოტრანსლაცია პირდაპირ კავშირში იყო ძალადობასთან. სოფლიდან, სადაც რადიოს უსმენდნენ უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობდა ძალადობაში, ვიდრე იმ სოფელიდან, სადაც რადიოს არ იჭერდნენ. რადიოს მხრიდან სოციალურ წახალისებას ჰქონდა ადგილი – ხალხი წამხედურია, უყურებს ბევრი მონაწილეობს მაშინ თავადაც ერთვება. რადიო ძალადობის ენით საუბრობდა, უწოდებდა ტარაკნებს ტუტსის ტომელებს და ა.შ. რადიო ახალისებდა ძალადობას.
ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ხალხში დაგროვილი იყო რაღაც აგრესია, იმ რადიომ გააკეთა წამახალისებელი ფუნქცია და იფეთქა ამ დაგროვილმა აგრესიამ. მაგრამ არა! ეს ანალიზი ზუსტად აჩვენებს, რომ ეგრე არაა. რადიომ იმუშავა სიძულვილის გაჩენაზე და ძალადობის განხორციელებაზე.
მე მყავდა ჯგუფი, რომელთან ერთადაც ვაკეთებდით სოციალურ პროგნოზირებებს. ახალგაზრდები „ წინასწარმეტყველებდნენ“ რა ტიპის კრიმინალი გაიზრდებოდა საქართველოში. საბოლოოდ გაოცებულნი რჩებოდნენ, რადგან ზუსტად ხვდებოდნენ, თუ სად გაიზრდებოდა კრიმინალი. ვინაიდან ამის გამოთვლა მასმედიის მეშვეობით შეიძლებოდა. თუ მიაქციეთ ყურადღება, ზაფხულში ადამიანმა თავის დახრჩობა სცადა წყალში და წაეწყო მეორე, მესამე, მეოთხე ასეთი შემთხვევა.იმიტომ, რომ გადამდებია, გადამდებია როგორც კრიმინალი, ისე თვითმკვლელობაც.ეს სოციალური ფსიქოლოგიის ქრესტომათიაა. თუკი ჩვენ არასწორ ინფორმაციას გავუშვებთ, რომ ვიღაცამ თავი მოიკლა, იმ რეგიონშო სადაც ეს ინფორმაცია გავრცელდება რეალურად გაიზრდება თვითმკვლელთა რიცხვი.ეს არის კანონები, წესები, ამიტომ გარანტირებულად იცოდეთ, რომ ასე მოხდება. რატომ?ქვეცნობიერად სუიციდისადმი მიდრეკილება შეიძლება იდოს ადამიანში, მაგრამ აკავებდეს სხვადასხვა მოტივაციები და თუკი ინფორმაციები თვითმკვლელობის შესახებ მოხშირდება მისი კონფორმისტული ბუნებიდან გამომდინარე ეს იქნება წამახალისებელი და ბიძგის მიმცემი მისთვის.ინფორმაცია რაციონალური და მოზომილი უნდა იყოს. იმას არავინ ამბობს, რომ ცუდი ინფორმაციები უნდა დაიმალოს. ამას მეორე უარესი ბოროტება მოყვება. ცხოვრება ასეთია ორი ბოროტებიდან ნაკლებს ვირჩევთ. მაგრამ სიძულვილის ენა სუფთა ბოროტებაა, რომელიც პირდაპირ ბოროტებას იწვევს.
– რამდენად იმოქმედა და წაახალისა ამ ენამ ფემიციდის შემთხვევები საქართველოში?
– რაც შეეხება ქალებზე ძალადობას ეს უფრო რთული კომპონენტისგან შედგება და ჩემი აზრით პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკურ სიტუაციას. სადაც მთავრობა ლაპარაკობს ძალადობის ენით. ყველაფერი დაიწყო იქიდან, როდესაც საჯარო ბიბლიოთეკასთან ნაციონალი დეპუტატები ცემეს და მთავრობამ ამის გამართლება დაიწყო გამწარებული ხალხის მოტივით. რაც დაუშვებელია სახელმწიფოში. მანიაკი ლინჩის წესით რომ გასამართლდეს ეს სახელმწიფოს საფუძვლების შერყევა იქნება და თუკი ხალხს მთავრობა ახალისებს ეს პირდაპირი მოწოდებაა იმისკენ, რომ ვისაც აგრესია გაქვთ გულში შენ მორალურად არ გაიკიცხები, შეგიძლია იძალადო. ამას მოყვა 17 მაისი. ესეც ბუნებრივი და ლოგიკური იყო. დღემდე მთავრობა ძალადობის ენით აგრძელებს საუბარს.ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ძალადობა გაიზრდება ქვეყანაში. ქალებზე ძალადობა რთული კომპონენტებიდან შედგება. გახსოვთ „ტრადიციებს გვინგრევენ“ შეძახილები? ამას იძახიან ძირითადად მამაკაცები, თუმცა გარკვეული ასაკის შემდეგ შეიძლება ქალებმაც დაიწყონ მსგავსი რიტორიკის გაჟღერება. მათ სექსუალურ აქტივობასა და კომპლექსებზეა დამოკიდებული ფაქტის შეფასების ასპექტი (თანამედროევ მსოფლიოში ფროიდი რაც უნდა აკრიტიკონ ფროიდს მაინც ვერ გავექცევით). „ტრადიციების დანგრევა“ კავშირში არის იგივე შეთქმულების თეორიებთან, მასონებთან და ა.შ. ყველაფერი უკავშირდება სოციალურ დაავადებას, რომელსაც სახელად ქვია კოგნიტიური დისონანსი, ანუ არაადეკვატურობა შემეცნებაში. და ეს საიდან მომდინარეობს? თუკი რეალობის შეცვლილი სურათი ჩემს თვითშეფასებას ძალიან აგდებს მე ვიწყებ რეალობის სურათის დამახინჯებას, რომ ამით ჩემი თვითშეფასება შევინარჩუნო. სიმპტომები როგორი არის კოგნიტიური დისონანსის? პირველ რიგში შეინიშნება დისონანსი ლოგიკაში. ხუთი წუთის წინ ადამიანი ამტკიცებს ერთ რამეს 5 წუთის შემდეგ ამტკიცებს მეორე რამეს, წინა მტკიცებულების საპირისპიროს.მეორე სიმპტომი არის შფოთი. რომელსაც აგრესიებში გამოხატავს, რადგან ძალისხმევა, რომელიც რეალური სურათის კოგნიტიურ დამახინჯებაზე იხარჯება, გარეთ პროეცირდება როგორც აგრესია. ისინი მორგებულნი იყვნენ სულ სხვა ფორმაციაზე და შეცვლილმა რეალობამ აჩვენა, რომ არც ისე კარგები არიან როგორც ეგონათ, ამიტომ დაიწყეს რეალობის დამახინჯება. როგორც აღვნიშნეთ შეთქმულების თეორია კოგნიტიურ დისონანსს უკავშირდება. ისინი შეთქმულების თეორიას როგორც უარყოფით მოვლენას ისე ახსენებენ, თუმცა სინამდვილეში მათ სურთ, რომ ასე იყოს. და რატომ სურთ? რა არის მთავარი შეთქმულების თეორიაში? მთავარი კომპონენტია ის, რომ ერთი ძალა მართავს მთელ მსოფლიოს. სამყარო მარტივია, მათი ქვეცნობიერი სურვილია, რომ სამყარო არ იყოს რთული. სამწუხაროდ უნდა ვუთხრათ, რომ ასე არ არის, სამყაროში გაცილებით რთული პროცესები მიმდინარეობს. მაგრამ ამის აღიარება თვითშეფასებას უგდებთ. ამიტომ დიდ სიცრუეში ცხოვრობს მოსახლეობის უმეტესობა, ცდილობენ გაამართლონ საიდან მოდის მათი შფოთი და ეს შფოთი ხშირად ქალებს ატყდებათ თავს.
_და მაინც რით გავაღიზიანეთ ქალებმა?
-პირველ რიგში ეს შეეხო ქალთა დამოუკიდებლობას. ქალებს კანონით მიეცათ მეტი უფლებები ვიდრე ჰქონდათ, თუნდაც კომუნისტურ საზოგადოებაში . მაშინაც თითქოს თანასწორუფლებიანობაზე იყო ლაპარაკი, თუმცა ეს არ განხორციელდა რეალურად. საქართველოში ქალები დაცულნი იყვნენ კლანური სისტემებით. ანუ გათხოვილი ქალი რაღაც კლანს ეკუთვნოდა, გაუთხოვარი რაღაცას. ხოლო მარტოხელა არც ერთ კლანს, ამიტომ ყველას შეეძლო შეურაცხყოფა მიეყენებინა მისთვის. კანონი ცუდად მუშაობდა ამ ქალის დასაცავად. მაშინდელი მილიცია ვერც გაიგებდა ქალს რომ ეჩივლა, რომ ვიღაცები ქუჩაში ამეკიდნენ, რაღაცას მთავაზობენ, ან მეზობელი მავიწროებსო. ამის გამო ვინმე დაუსჯიათ? არა. პირველად მოხდა, როდესაც პოლიციის რეფორმა განხორციელდა, ქალებმა დაცულად იგრძნეს თავი. ამ მოსაზრების გასამყარებლად უამრავი ფაქტის მოყვანა შემიძლია… ყველაფერ ამას დაემატა ეკონომიკური ფაქტორი, ძალისხმევა ოჯახის შენახვაზე ქალების კისერზე გადავიდა. ცოლები არჩენდნენ ქმრებს. ცხადია თვითშეფასებას ასეთი შეცვლილი რეალობაც აგდებს. რადგან პატრიარქალურ საზოგადოებაში მამაკაცისთვის ძალიან შეურაცხმყოფელია, თუკი ქალი მასზე მეტია, მეტი წარმატებულია და ა.შ.. გახსოვთ ფილმი „მოსკოვს ცრემლების არ ჯერა“, როდესაც გმირი მამაკაცი გაიგებს, რომ მისი საყვარელი ქალი ქარხნის დირექტორია საშინლად ითრგუნება. თვით რუსეთშიც პატრიარქალური ტრადიცია მოქმედებს .ტრადიციების დარღვევად ითვლება ქალის დამოუკიდებლობა და სითამამე, როდესაც ქალს არ ეშინია მამაკაცების აზრის ესეც პრობლემაა.მაგრამ დღეს მამაკაცებისთვის დადგა სხვა მომენტი. მთავრობა შეიცვლა ამით სიგნალი მიეცათ, რომ ძველი დრო ბრუნდება . ეს ყველამ თავისებურად გაიგო. მამაკაცებმა, რომლებიც ქალების ბოღმას ატარებდნენ სიგნალი მიიღეს, რომ ძალადობა წახალისებულია. მიიღეს სიგნალი, რომ „ტრადიციები“ ბრუნდება და ეს ყველამ თავისებურად გადათარგმნა. თურმე რამდენი ბოღმა ყოფილა ქალების მიმართ, თუმცა ეშინოდათ ამის გამომჟღავნების და აჰა მიეცათ საშუალება, მწვანე შუქი აენთოთ, თანაც არა მარტო მათ. კრიმინალმა სავსებით სწორადაც მიიღო მთავრობის მიერ გაჟღერებული მესიჯები წახალისებად. და დღეს ხდება ის რაც ხდება… ქალებზე ძალადობა არის თანამედროვეობაზე შეტევა. რეტროგრადების გაბრძოლება. რატომ მოხდა, რომ ამდენი გრანტი ჩაიდო გენდერის შესწავლის კუთხით მსოფლიოში? არ იფიქროთ, რომ ეს პოლიტიკური საკითხი არ იყოს. გენდერული თანასწორობა რამდენად ხორციელდება ქვეყანაში იმის მიხედვით იზომება და იმაზეა დამოკიდებული ცივილიზაციისა და დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში.
-რამდენად მნიშვნელოვანია რომ ეს სწორედ ქალებმა გააცნობიერონ?
-ზოგ ქალს აზრადაც არ მოდის, რომ ძალადობის მსხვერლია. საკუთარი მეობის აღქმა არ გააჩნია, რა არის მისი დანიშნულება არ გაურკვევია. ადამიანი მონა ხდება მაშინ, როდესაც შინაგანად მიიღებს ამ მდგომარეობას. ზოგისთვის ეს ნორმაა – რას ქვია ქმარი არ შემაგინებს და ერთ- ორს არ მომცხებს. ეს ძალადობად არ ითვლება. სამაგიეროდ ზოგი თვლის, რომ ქმარი ძალადობს და მეტნაკლებად ითმენს. რადგან სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო უნდა იყოს მისი დამცველი და არა კლანი. კლანურობა უაზრობაა და ჩამორჩენილობა.დენი, გაზი დ ინტერნეტი უნდა ხალხს და ცივილიზაციის შესატყვისი აზროვება არა. თუმცა ეს შეუქცევადი პროცესია. ამ პროცესის შეჩერება შეუძლია ერთადერთს, თუკი საქართველოს დაიპყრობს სხვა ქვეყანა. თუკი დამოუკიდებელი დარჩება, ეს მსხვერპლი რაც მივიღეთ,რეტროგრადების ბოლო გაბრძოლება იქნება, უკან ვერ მოაბრუნებენ პროცესს. არის ერთი საიდუმლოება, თუკი თავისუფების გემო გაიგო ადამიანმა, თუ მოკლავ თორემ უკან ვეღარ დააბრუნებ. ვინც გათავისუფლდა შინაგანად იმის უკან დაბრუნება შეუძლებელია. მისი მხოლოდ ფიზიკური განდგურება შეიძლება. ვერც ცემით, ვერც მუქარით შეაშინეს. არც ერთმა ამ ქალმა უკან არ დაიხია, არ დაემორჩილა. ამიტომ ვიმეორებ, ეს უსუსურობა – ქალების ხოცვა მათი ბოლო მეთოდია. მათ ვერ შეძლეს უპირატესობა მოეპოვებინათ ქალებზე და დახოცეს ისინი. ეს იყო ბოლო გაბრძოლება.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s