იმერეთის საკონსულტაციო საბჭოს სხდომას იმერეთის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატები დაგვიანებით შეუერთდნენ.
სხდომას ასევე ესწრებიან იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები,საკრებულოს თავმჯდომარეები,გუბერნიისა და ქუთაისის მერიის წარმომადგენლები.
იმერეთის საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მიმდინარეობს, იმერეთის რეგიონის სტრატეგიულ გეგმას განიხილავენ.
რეგიონის სტრატეგიული გეგმა შვიდწლიანია, სადაც ძირითადი პრიორიტეტები იმერეთის მუნიციპალიტეტების გაძლიერებასა და განვითარებაზეა გამიზნული.
პრიორიტეტები, რომლებიც იმერეთის რეგიონის სტრატეგიული გეგმაშია გაწერილი შემდეგში მდგომარეობს: რეგიონის მაცხოვრებლების საჭიროებებზე ორიენტირებული მართვის სისტემის უზრუნველყოფა, ჯანსაღი, უსაფრთხო და სოციალურად გავითარებული საზოგადოება, იმერეთი ადგილი მეწარმეებისთვის, სოფლის კატეგორიის დასახლებებისა და სოფლის მეორნეობის განვითარება, იმერეთი-საქართველოს დასავლეთის ტურისტული ჰაბი, რეგიონთაშორისი, ტრანსსასაზღვრო და საერთაშორისო ურთიერთობები.
შეხვედრაზე იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებს, იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა განუმარტა, რომ იმერეთის რეგიონის სტრატეგიული გეგმა სრულყოფილად უნდა განხორციელდეს და არ უნდა დარჩეს როგორც “დოკუმენტი-დოკუმენტისთვის.”
იმერეთის რეგიონის სტრატეგიული განითარების გეგმა 2014 წლიდან 2021 წლამდე უნდა განხორციელდეს.
ანა ჯანაშია