ეკა კუხალაშვილის ბლოგი – ავტორიტეტული მიცვალებულები და ცხოვრება იმიერის კანონებით

ვისაც ინდოელი რეჟისორის მ. ნაით შიამალანის ფილმი „მეექვსე გრძნობა“ უნახავს, ფილმის ფინალში განცდილი შოკიც ემახსოვრება. ვისაც (ფილმი) არ უნახავს მოვუყვები: ფსიქიატრი (ბრიუს უილისი) ცდილობს დაეხმაროს ბიჭუნას, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს – ბიჭუნა მიცვალებულებს ხედავს და ესაუბრება.
1977435_735998009754603_1763568879_n

ბავშვზე ადრე ფსიქიატრს სხვა პაციენტი ჰყავდა, რომელმაც ექიმის მოკვლა სცადა და მერე თავი მოიკლა. ამ შემთხვევის შემდეგ ექიმი განსაკუთრებული გულმოდგინებით ეკიდება ბიჭუნას პრობლემებს და მასთან კონტაქტს არ წყვეტს. ფილმში სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარის დადგენა რთული ხდება. ვინაა ცოცხალი და ვინ გარდაცვლილი? სად იწყება იმიერი და სად მთავრდება ამიერი, ძნელი გასარჩევია, თუმცა ფინალი მაინც ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს – ფილმის ბოლოს აღმოჩნდება, რომ ექიმი, რომელსაც მთელი ორი საათი ვუყურებთ, გარდაცვლილი ყოფილა. ყოფილმა პაციენტმა მისი მოკვლა მოახერხა და მან ეს არ იცის. ექიმს თავი ისევ ცოცხალი ჰჰონია და იგი ამ ბიჭის მეშვეობით ეკონტაქტება ცოცხალთა სამყაროს.
საქართველოს დღევანდელი ყოფის „სცენარი“, როგორც ჩანს, შიამალანისეული ფანტაზიითა და გაქანებით დაიწერა. “მეექვსე გრძნობის” მსგავსად საქართველოში ძალიან გადაიჯაჭვა იმიერი და ამიერი, ცოცხალი და გარდაცვლილი. საიქიო მეტიმეტად ცხადი გახდა. იგი ზედაპირზეც ამოვიდა და გამოჩნდა. შეიძლება იმიტომ, რომ საქართველოში განსაკუთრებით უყვართ მიცვალებულები. ამ სიყვარულის გამოძახილია ის, რომ მიცვალებულები ჩვენს ცხოვრებაში ერევიან და ხშირად, მთელ რიგ საკითხებს სწორედ ისინი წყვეტენ. მიცვალებულები სერიოზულ კონკურენციას უწევენ ცოცხლებს.
ამის საილუსტრაციოდ ბერი გაბრიელის ნეშტისადმი დამოკიდებულებაც კმარა. სადღეისოდ ბევრი ჩვენთაგანის რელიგიური სულისკვეთება დიდი დოზით ბერი გაბრიელის ცხედრით სულდგმულობს, თუმცა არა მხოლოდ რელიგიური. გაბრიელი წყვიტავს აწმყოსაც და მომავალსაც. მას ეკითხებიან, მას ენდობიან, მისი ჯერათ, მისი სწამთ. მომავალი დიდ წილად ბერი გაბრიელის ნეშტის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. მისი საფლავის იმედად ვართ უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარების, სამსახურში მოწყობის, კარიერის შექმნისა და ლატარიის ბილეთის ყიდვის დროს. დისტანციამ რაიმე პრობლემა რომ არ შექმნას, ბერი გაბრიელი კიდევ უფრო დაიახლოვეს და თბილისში ერთ-ერთ ქუჩას დაარქვეს წმინდანის სახელი. სხვა ქალაქებმაც აუბეს მხარი – ქუთაისში მისი ძეგლის დადგმაც მოითხოვა რამდენიმე მოქალაქემ – ასე გაცილებით მშვიდად იგრძნობენ თავს წმინდანის მოიმედენი.
საქართველოში მიცვალებულებს ცოცხლებზე მეტი ავტორიტეტი აქვთ. ალბათ ამიტომაც ჩნდებიან პერმანენტულად საარჩევნო სიებში გარდაცვლილები, რადგან მათ უკეთ იციან რა და როგორ.
წასულები კვლავ აქტიურობენ, სხვანაირად რომ ვთქვათ, წარსული კვლავ ჯაბნის აწმყოს.
საქართველოში არ უყვართ აწმყო, მას სერიოზულად არ ეკიდებიან, აწმყო მტერია, რომელიც მხოლოდ პრობლემებს აჩენს. სამაგიეროდ, მომავალია მოყვარე, სადაც ყველა ეს პრობლემა რაღაცნაირად, თავისით, აწმყოში ძალისხმევის გარეშე, მოგვარებული დაგვხვდება. თუმცა, მომავალზე მნიშვნელოვანი მაინც წარსულია. სადაც მარტო საგმირო და ეროვნული საქმეები კეთდებოდა და აბსტრაქტული მამა- პაპები ქართულ სულიერებას ინარჩუნებდნენ. ხალხიც მას ენდობა რასაც წარსულთან, წარსულის ღირებულებებთან მეტი საერთო აქვს, ვინც გავს წარსულის პერსონალიებს, გავს მამა- პაპებს, ანუ წასულებს, აჩრდილებს, მიცვალებულებს. აწმყოში მცხოვრები, რაც მეტად გავს წარსულის პერსონაჟს, მით მეტად მისაღებია. შესაბამისად, მიცვალებულებს ანდობენ აწმყოსა და მომავლის საკითხების გადაწყვეტას. ისინიც წყვეტენ თავისებურად, თავისი ლოგიკით. ეს ლოგიკა კი არ მუშაობს სიცოცხლის სასარგებლოდ. იგი არ ცნობს აწმყოს, ახალი დროების გამოწვევებს, ახალ მოცემულობებს, ნაკლებად იღებს სამომავლოდ მნიშვნელოვან და სწორ გადაწყვეტილებებს, არ აინტერესებს კონკრეტული ადამიანების ბედი, სიცოცხლე, მომავალი, არ ახარებს ბავშვებს, ქალებს, ანადგურებს და აფეთქებს კულტურულ მემკვიდრეობას, მიაქანებს მისთვის მშობლიურ იმიერში. ჭედავს სწორედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში, რადგან სწორედ სიცოცხლესთან აქვს პრობლემა.
თუმცა, წარსულის სახელით მოლაპარაკეებს პასუხს არავინ სთხოვს იმ უბრალო მიზეზების გამო, რომ მიცვალებულებზე ცუდს არ ამბობენ და არ ასამართლებენ. ამიტომ, აჩრდილად ყოფნა კომფორტულია და გასაკვირიც არაა მიმდევრები კიდევ უფრო გაეზარდოს.
მაგრამ სანამ აქამდე მისულა საქმე, ჯობია დროზე გამოიცვალოს ის სცენარისტი, ვინც დღევანდელი ყოფის სცენარს წერს. თორემ საინტერესო იქნება ამ გრძელი თანამედროვე ქართული”ფილმის” ფინალი. რა გაირკვევა ბოლო ეპიზოდში? ცოცხლები ვყოფილვართ თუ დიდი ხნის გარდაცვლილნი?!

ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s