ქუთაისელი მეთევზეები თევზჭერისთვის დაწესებულ საჯარიმო სანქციებს აპროტესტებენ

ქუთაისის მოსახლეობა, მდინარე რიონის სანაპიროზე ე.წ საგუბარის ხიდთან, მეთევზეობას გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მისდევს. თუმცა, აღნიშნულ ადგილზე თევზჭერისას, კანონმდებლობაში არსებული ნორმების დაუცველობის შემთხვევაში, მეთევზეებს გაფრთხილებას აძლევენ ან უკიდურეს შემთხვევაში აჯარიმებენ კიდეც.
xidi

ქუთაისელი დავით ქურჩაძე ერთ-ერთია, ვინც ე.წ საგუბარის ტერიტორიაზე თევზაობისათვის გააფრთხილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოსგან მიიღო. იმის გამო, რომ მეთევზე ხიდიდან ნაცვლად 50 მეტრისა, 20 მეტრის დაშორებით თევზაობდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის წარმომადგენლებმა ოქმი შეუდგინეს, რომლის საფუძველზეც სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიტანა.
დავით ქურჩაძე ამბობს, რომ მასთან ერთად საქალაქო სასამართლოსგან გაფრთხილება რამდენიმე მეთევზემაც მიიღო, ხოლო ზოგიერთს, განმეორებითი შემთხვევის გამო, 100 ლარიანი საჯარიმო სანქცია დაეკისრა.
„შეიძლება, დღეში 3 ან 10 თევზი დავიჭირო. 50 წელია ამ ადგილზე ვთევზაობ და არასოდეს ვინმესგან საყვედურიც კი არ მიმიღია. ამ ბოლო დროს სულ ერთი და იგივე პიროვნება მოდის და ყველას გაფრთხილებას გვაძლევს, მეორე ჯერზე 100 ლარად გვაჯარიმებენ. ამ ფულით რამდენ თევზს ვიყიდი? თუ 50 მეტრით გადავიწევ, რა თევზს დაიჭერ მაშინ,“ – ამბობს დავით ქურჩაძე.
ქუთაისელი მეთევზეები ამბობენ, რომ თევზჭერის აკრძალვის თაობაზე კანონმდებლობის გაცნობა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის ინსპექტორისგან არაერთხელ მოითხოვეს. თუმცა, ყოველ ჯერზე უშედეგოდ. მეთევზეები თევზჭერის რეგულაციების ხელმისაწვდომობას ითხოვენ.
„ჩვენ უბრალო მეთევზეები ვართ, კანონი სად უნდა ვნახოთ ისიც არ ვიცით. მოვთხოვეთ, რომ გაეცნოთ, მაგრამ ამის თაობაზე არაფერი გვითხრეს,“ – აცხადებს დავით ქურჩაძე.
“ქუთაისიპოსტი” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც მეთევზეთა ამ პრეტენზიას არ ეთანხმებიან. აღნიშნული სამსახურის უფროსის, მაია ჩხობაძის განცხადებით, სამინისტროში მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების კუთხით ბევრს მუშაობენ. თუმცა, მისივე ინფორმაციით, გარემოსდაცვითი განათლების კუთხით სამინისტროში ცალკე სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება იგეგმება, რომელიც ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტებს განახორციელებს. მანამდე კი დაინტერესებულ პირებს სამინისტროს ცხელი ხაზით მომსახურებას და ვებ-გვერდზე არსებული კანონმდებლობის გაცნობას სთავაზობენ.
„ამ ეტაპზე ქვეყანას იმის საშუალება არ აქვს, რომ ყველა ხიდთან ბანერი გაიკრას. ეს ვერც მოხდება, რადგან გადატვირთავს კიდეც ქალაქს,“ – ამბობს მაია ჩხობაძე.
მისი თქმით, ხიდებთან და კაშხლებთან თევზჭერის აკრძალვა დარგის ექსპერტების მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციას ემყარება.
დღეისათვის საქართველოში თევზჭერას მთავრობის 2013 წლის #423-ე დადგენილება არეგულირებს. დადგენილების მიხედვით, თევზჭერა აკრძალულია კაშხლებთან და რაბებთან არა უახლოეს 500 მეტრისა და ხიდებთან არა უახლოეს 50 მეტრისა.
ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი, მაია ჩხობაძე განმარტავს, რომ აღნიშნული წესების დაუმორჩილებლობის გამო, სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებს მხოლოდ ოქმის შედგენის უფლებამოსილება გააჩნიათ.
„ოქმს შევადგენთ და გადავაგზავნით სასამართლოში, რომელიც დამოუკიდებელი ორგანოა და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას ესა თუ ის პირი დაჯარიმდეს თუ გაფრთხილება მიეცეს,“ – აცხადებს მაია ჩხობაძე.
თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, მეთევზეებს ჯერ თავად უწევთ გარკვევა, უღირთ თუ არა მომავალში ამ საქმიანობით დაკავდნენ.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s