ლალი პერტენავა – საყდრისის აფეთქებით ავაფეთქეთ საქართველოს სახელმწიფოს ჩანასახი 21-ე საუკუნეში

საყდრისის საბადოზე კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. კომპანია RMG Gold-ი არ წყვეტს აფეთქებებს, მიუხედავად რიგ საკითხებში კანონთან შეუთავსებლობისა და სასამართლო დავისა. მიუხედავად ქართველი და უცხოელი მეცნიერების კვლევის საფუძველზე არაერთგზის დადასტურებული საბადოს კულტურულ-ისტორიული უნიკალურობისა.
1238315_10152734854332588_1685202101_n

ეს ასპექტები საკმარისი არ აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლებისთვისაც – პრემირ-მინისტრმა კომპანიას ლიცენზია 2020 წლამდე გაუგრძელა. რატომ მივიდა საქმე აქამდე? რა ხდება მიზეზი მასშტაბური დანაკარგებისა კულტურაში? რა შედეგები შეიძლება დადგეს ამ პროცესის შეუჩერებლობის შემთხვევაში?
„ქუთაისიპოსტის“ კითხვებს პასუხობს ხელოვნების კრიტიკოსი, საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმის თანადამფუძნებელი ლალი პერტენავა.

– არაერთხელ აღინიშნა (მაგალითად, ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის მიერ), რომ კულტურა კარგავს თავის ტერიტორიებს, თავის სივრცეს. მას იკავებს პოლიტიკა, რელიგია. თუმცა სადღეისოდ აღმოჩნდა, რომ კულტურა არა მხოლოდ „ტერიტორიებს კარგავს“, არამედ კარგავს ძეგლებს. არ უვლიან, აფეთქებენ და ანადგურებენ კულტურულ მემკვიდრეობას. კულტურა აღმოჩნდა „დაკარგვის რეჟიმში“, და თუკი ეს პროცესი არ შეჩერდა და სხვა მიმართულება არ მიეცა, რა შეიძლება იყოს შემდეგი დანაკარგი?
– „კულტურის დაკარგვა“ სიმპტომია საქართველოსათვის, რომელიც სერიალ „დაკარგულის“ პროტოტიპად იქცა უახლოეს ისტორიაში. საქართველო არის ქვეყანა განუსაზღვრელი საზღვრებით, განვითარების მიმართულებითა და სტატუსით. ერთადერთი ნიშნული, რომელიც ნათლად წარმოგვადგენს მსოფლიოში, ეს კულტურული მემკვიდრეობაა. 2014 წლის მიწურულს ის ძეგლი, რომელიც უდიდეს აღმოჩენად ითვლებოდა, და არა მხოლოდ საქართველოში; რომელიც, უდიდეს ფუნქციას ანიჭებდა ჩვენს ქვეყანას და წარსულის დახმარებით შესაძლოა საზღვრების დადგენაში და მომავლის აწყობაში დაგვხმარებოდა, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით ააფეთქეს.
საყდრისის ოქროს საბადო იყო გზა საქართველოში წარსულის დახმარებით მომავლის განვითარებისათვის. ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას, გვიქმნიდა ლეგიტიმაზაციას როგორც ამიერკავკასიის უძველეს ოქროსმწარმოებელ დასახლებას; კაზრეთს უქმნიდა სამეცნიერო კვლევით ცენტრად გადაქცევის საშუალებას და ეს ისე რომ იქ მადნის მომპოვებელი სამუშაო კი არ შეწყდებოდა, არამედ განვითარდებოდა. მიუხედავად ამისა, უფრო მეტიც, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სამათლებლივი დავა საყდრისის მაღაროსთვის მომგებიანად გადაწყდა და ძეგლზე მუშაობა სამართლებლივად შეჩერებული იყო, ის მაინც ააფეთქეს. მინდა ხაზი გავუსვა: რომ ოსმალებმა კი არ ააფეთქეს, როგორც ბაგრატის ტაძარი, რუსეთის არტილერიამ კი არ დაცხრილა როგორც ბაგრატის ტაძარი, არამედ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ თავად გასცა ნებართვა ძეგლის აფეთქების.
კულტურა ადგენს სოციალური ჯგუფების ტერიტორიებს და საზღვრავს მათ სივრცეებს. კულტურა ქმნის სახელმწიფოს და თუ ეს არ ესმით საქართველოში, კარგად ესმით დომინანტ სახელმწიფოებში. ჩვენ საყდრისის აფეთქებით ავაფეთქეთ საქართველოს სახელმწიფოს ჩანასახი 21-ე საუკუნეში. საყდრისის აფეთქებით დაირღვა როგორც საერთაშორისო კონვენციები, ასევე საქართველოს კანონმდებლობა; დამკვიდრდა კულტურული მემკვიდრეობის განადგურების პრეცენდენტი, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია იცავს. საყდრისს მოყვება „პანორამა თბილისი“ სოლოლაკის ქედის მოშლით; და როგორც ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო კანცელარიის იურისტმა განაცხადა – თუ დასჭირდათ ვარძიასაც ააფეთქებენ.
– რატომ მივიდა საქმე აქამდე (ააფეთქეს საყდრისი), რა არ გავაკეთეთ, რა დავაკელით ჩვენ – საზოგადეობამ, მედიამ, ე.წ. კულტურულმა ინტელიგენციამ? რამდენად არის პასიურობა ამ მძიმე შედეგების მიზეზი?
– საქმე აქამდე არ მივიდოდა, რომ არა სერიოზული კანონდარღვევები აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან: კანონმდებლობის შეცვლა ერთი კერძო ინვესტორის სასარგებლოდ; პროფესიული აზრის უგულებელყოფა; სამეცნიერო წრეების დისკრედიტაცია; საქმე აქამდე მივიდა სახელმწიფო მმართველობის ნებით და ამ შემთხვევაში უძლური აღმოჩნდა მედიაც, კულტურის სფეროს წამომადგენლებიც და აქტივისტებიც. თუმცა ახლა არის ზუსტად დრო, რომ ყველამ თავისი პიროვნული და საგანმანათლებლო რესურსი გამოიყენოს და მედგრად დადგეს ქვეყნისა და კულტურის სადარაჯოზე; შეახსენოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც იმ კომპანიას, რომელმაც ძეგლი დააზიანა, დასჯის ნაცვლად ლიცენზია გაუგრძელა 2020 წლამდე, რომ ის ანგარიშვალდებულია არა ერთი ადამიანის ან ერთი კომპანიის წინაშე, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინაშე და საქართველოს მოსახლეობა ამ ანგარიშს მას მოსთხოვს.
– კულტურის სამინისტოს როლი და დანიშნულება რაში გესახებათ? კულტურის დაცვა, კულტურის განვითარების სტრატეგიისა და კონცეფციის შექმნა რატომ გახდა ასე შეუძლებელი და ასე რთული კულტურის სამინისტროს მხრიდან?
– კულტურის სამინისტრო ამორფული და გაუმართლებელი სტრუქტურა იყო და არის. კულტურის სამინისტრო იდეოლოგიის პირდაპირი ინსტრუმენტია. მისი ორგანიზაციული სისტემა და მმართველობა უკვე გამორიცხავს კულტურის მმართველობას და დემოკრატიულ განვითარებას. შეუძლებელია ერთდროულად იყოს სამინისტრო და თან ფონდი; ქმნიდეს პოლიტიკას და აფინანსებდეს ამ პოლიტიკის მიხედვით ხელოვნებასა და კულტურას. ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტის საბჭოთა მოდელი, რომელიც ყოველთვის ძალოვანი ინსტიტუციებისა და უმაღლესი ორგანოს კანონიერი თუ უკანონო სურვილების ხელმომწერი დაწესებულების ფუნქცია ექნება. კულტურის სამინისტროს არ ყავს კადრები, ვინც მოახდენს რეორგანიზაციას, დაუწერს სტრატეგიას ან კონცეფციას. მე ვიყავი ჩართული კულტურის პოლიტიკის კონცეფციის დაწერაში, რომელიც კულტურის სამინისტრომ დაგვიკვეთა 2013 წელს, როგორც გარე ექსპერტებს. კონცეფცია დაეყრდნო საქართველოს კანონმდებლობას, კონსტიტუციასა და იუნესკოს კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ კონვენციას სხვა საერთაშორისო კონვენციებთან ერთად. მაგრამ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კულტურის წინააღმდეგ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებთან ერთად თავისივე დაკვეთილი დოკუმენტი არ მიიღო. და თუ რატომ არ მიიღო, დღეს უკვე გასაგებია: კულტურის პოლიტიკის კონცეფციის დაკანონების შემდეგ, ვერანაირ კულტურულ ძეგლს ვეღარ დაანგრევდნენ და ააფეთქებდნენ.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s