ქუთაისში მცხოვრები დევნილი სამინისტროს გადაცემული ფართების კანონიერების შესწავლას თხოვს

ქუთაისში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი, მერი ხუბულავა დევნილთა და განსახლების სამინისტროს, ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში დევნილებისთვის გადაცემული ფართების კანონიერების შესწავლას თხოვს. მისი თქმით, გადაცემული ფართები არ შეესაბამება საჯარო რეესტრში არსებულ შიდა აზომვით ნახაზებს. მერი ხუბულავა აღნიშნული სამინისტროს ადგილობრივ წარმომადგენელობას დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს, რისთვისაც დევნილთა და განსახლების სამინისტროს კომისიის გამოყოფას და აღნიშნული საკითხით დაინტერესებას სთხოვს.
მერი

“დევნილები ვართ მოტყუებული, რაც ისედაც მძიმე მატერიალურ პირობებს, კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის. გამოდის, რომ ბევრად იმაზე ნაკლებია ჩვენი საცხოვრებელი რეალურად, ვიდრე დოკუმენტებშია დაფიქსირებული,” – აცხადებს მერი ხუბულავა.
ხუბულავას განცხადებით, 2009 წელს მის დედამთილს, ვალენტინა გაბუნიას და მაზლს ნიკეას ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის შენობაში ერთი ოთახი მისცეს. იმ დროისათვის სამინისტროს ადგილობრივ წარმომადგენელობას დავით აფციაური ხელმძღვანელობდა.
“ამ პერიოდში მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობდით კერძო სექტორში, ქირით, ასევე ნიკეას ქუჩაზე #64 ა/10-ში. საცხოვრებლით დაკმაყოფილებას არაერთხელ ვითხოვდით, მაგრამ უშედეგოდ. 2011 წელს მაზლი გარდაიცვალა, ერთი წლის შემდეგ მეუღლეც გარდამეცვალა,” – ამბობს მერი ხუბულავა.
2012 წლის სექტემბერში სამინისტროს წარმოადგენლებმა აღწერის დროს, ხუბულავას განუმარტეს, რომ მას ბინა მიღებული მქონდა იმავე ბაღის შენობაში, სადაც დედამთილი ცხოვრობდა. მან სიტუაციის გარკვევა იუსტიციის სამინისტროში ცადა, სადაც შეიტყო, რომ 2009 წელს დედამთილის მიკუთვნებულ ბინაში, მცირეწლოვან შვილთან ერთად თავადაც იყო ჩაწერილი, რასაც ვალენტინა გაბუნიას ხელმოწერით ადასტურებენ. თუმცა, მერი ხუბულავა ამტკიცებს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია და დოკუმენტების გაყალბება დავით აფციაურის თანამდებობაზე ყოფნის დროს მოხდა.
ხუბულავამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წელს მიმართა. მოსამართლე გენადი მაკარიძემ, ვალენტინა გაბუნიას საცხოვრებელ ფართს მეზობელი ოჯახის, გიორგი კოპალიანის საცხობვრებელი ბინის ერთი ოთახი (7,97 კვ.მ) გაბუნიას მიაკუთვნა. მაკარიძის გადაწყვეტილებას აფხაზეთიდან დევნილი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებას აპირებს.
“გასაჩივრებას ვაპირებ. მოსამართლეს საქმის განხილვა არ უნდა, გადაწყვეტილება ისე გამოიტანა. შეიძლება, ზეწოლას განიცდიდა. მოვითხოვ დაზუსტდეს რამდენი ფართი აქვს ჩემს დედამთილს და ის ერთი ოთახი დაუტოვონ მის მეზობელს, ხოლო მე და ჩემს შვილს ცალკე საცხოვრებელი გამოგვიყონ,” – აცხადებს მერი ხუბულავა.
ამ დროისათვის მერი ხუბულავა მცირეწლოვან შვილთან ერთად, რომელიც ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსით სარგებლობს, ნიკეას ქუჩაზე მდებარე მე-4 პოლიკლინიკის შენობაში, ერთ ოთახში ცხოვრობს. მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება და ბავშვის პენსიაა.
“მამა მებრძოლი რომ ყავდა და საბრძოლო დამსახურებისვის ჯილდოს მფლობელია, ყურადღება არავის მიუქცევია,” – ამბობს მერი ხუბულავა.
საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროში აფხაზეთიდან დევნილი მერი ხუბულავას მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხს არ განიხილავენ, რადგან ხუბულავას ოჯახს სამართლებრივი დავა აქვს მეზობელთან.
“ეს არის სამართლებრივი დავა მეზობელთან, აქედან გამომდინარე ჭეშმარიტება იქნება ის, რასაც სასამართლო გადაწყვეტს. სამინისტრო ვერანაირად ვერ ჩაერევა აღნიშნულ სამართლებრივ დავაში, რადგან ეს არაა სამინისტროს კომპეტენცია,” – განუცხადა ქუთაისიპოსტს დევნილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დალი გოგოლაძემ.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s