ეკა კუხალაშვილის ბლოგი – სახიფათო სიცილი და შიშის მცველები

წიგნში „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“ გვაცნობენ უცნაურ ჯადოსნურ არსებას, სახელად ბოგარტი. როგორც წიგნიდან ირკვევა ბოგარტი ჯერ არავის უნახავს, უფრო ზუსტად არავინ იცის როგორია მისი ნამდვილი სახე, რადგან ბოგარტი ყველას იმ სახით ეჩვენება, რისიც მათ ყველაზე მეტად ეშინიათ (ზოგს გველად ესახება, ზოგს ობობად, დემენტორად და ა.შ.). შესაბამისად ბოგარტი საშიში არსებაა და მან ნებისმიერ ადამიანს (ჯადოქარს) შეუძლია დაუფრთხოს ანგელოზები იმად გარდასახვით, რაც მათი ფობიის წყაროა.
1977435_735998009754603_1763568879_n

არადა შიშები ყველას გააჩნია. იქამდე შიშიდან არც თავად ბოგარტია დაზღვეული. მას არც მეტი არც ნაკლები სიცილის ეშინია. სიცილის შემთხვევაში ბოგარტი ქრება – სიცილი ბოგარტს, ანუ შიშს ამარცხებს.
სიცილი რომ შიშს ამარცხებს ეს იციან მაგლების, ანუ ჩვენს, სამყაროშიც. ალბათ ამიტომ უპირისპირდება სიცილს ყველა შიშის მთესველი და შიშზე დაფუძნებული იდეოლოგია, ადამიანი, ერთობა, დაჯგუფება. სიცილი თავის მტერთა შავ სიაში შეყავს და შიშს სიცილისგან ყველაფრის ფასად იცავს.
ცნობილია, რომ ფაშისტურ გერმანიაში ჰიტლერზე ანეკდოტის მოყოლისთვის ერთი გერმანელი მუშა სიკვდილით დასაჯეს. არც სტალინზე ანეკდოტების მოყოლა იყო უხიფათო საქმე – საბჭოთა „ სიწმინდეზე“ სიცილს არავინ გაპატიებდა. არის ქვეყნები, სადაც ხმამაღლა სიცილს საერთოდ კრძალავენ – სიცილი როგორც ჩანს ვიღაცისთვის უხამსობაა, სიცილი დაუმორჩილებელია – ისეთ ადგილას შეიძლება წაგსკდეს, სადაც ტრადიცია თუ ეტიკეტი გიკრძალავს, ზოგჯერ უმიზეზოდ გეცინება, ან იმაზე გეცინება რაზეც უნდა გეტირებოდეს და ა.შ.
სიცილი მრავალფეროვანი, მრავალსახოვანი, მრავალგანზომილებიანია. თავისი დაუმორჩილებელი, მოძრავი ბუნებიდან გამომდინარე იგი ერთი მიმართულებით ხედვის ვალდებულებიდანაც გათავისუფლებს.
აი, შიში კი ერთ ხედზე გაჯაჭვავს, შესაბამისად იგი ერთ განზომილებაში გაყურებინებს მოვლენას, დაჯგუფებას,ადამიანს,იდეოლოგიას, სიწმინდეს, ღირებულებას, ტრადიციას. შიშიდან მონიშნული ხედიდან სიბრძნე – სიბრძნედ ჩანს, სიწმინდე – სიწმინდედ, ავტორიტეტი, ავტორიტეტად და ა.შ.
სიცილი კი დიდ არჩევანს გაძლევს – შეხედო ყველაფერს სხვადასხვა რაკურსიდან, საიდანაც ადამიანი, სიწმინდე, დაჯგუფება, გაერთიანება შეიძლება სულ სხვნაირი გამოჩნდეს, რელიგია მხოლოდ რაღაც იდეოლოგია აღმოჩნდეს, ჭეშმარიტება – სიყალბე, სიბრძნე- სისულელე, ავტორიტეტი – ერთი კომპლექსიანი საცოდავი ადამიანი. წმინდანი ნაკლებად წმინდა…
ანდა პირიქით – წმინდანი ძალიანაც წმინდა, სიმართლე მართლაც ჭეშმარიტება.
სიცილი ან სიყალბეს ახდის ფარდას, ან მოვლენას საუკეთესო კუთხით დაგანახებს, დაგაახლოებს, შეგაყვარებს. „სრულყოფილი სიყვარული კი ამარცხებს შიშს“,- ამას უკვე სახარება ამბობს. შესაბამისად რა დასკვნაც არ უნდა გამოიტანო სხვადასხვა კუთხიდან დანახული მოვლენა თუ პიროვნება საბოლოო ჯამში შიშიდან გაგათავისუფლებს.
ამიტომ „სიწმინდეების დამცველები“ სიწმინდეს კი არ იცავენ, არამედ – შიშს. სიცილიდან სიწმინდე კი არ ილახება, არამედ შიში მარცხდება. შიშის დამარცხებას კი არ დაუშვებენ დიქტატორები, ავტორიტარები, იდეოლოგიები, დაჯგუფებები, ერთობები, რადგან ისინი მხოლოდ შიშის სივრცეში წარმოადგენენ რაღაცას. შიში მათი მთავარი სიწმინდე და ღირებულებაა, შესაბამისად ყველაფრის ფასად იცავენ. განსაკუთრებით იმისგან, რაც მისი პირდაპირი მტერია – სიცილისგან.
ამიტომ ჯადოქრებმა მოიმარჯვონ ჯოხები და წარმოთქვან შელოცვა – რიდიკულუს, მაგლები კი აქტიურად დაეწაფონ 3D ფორმატს, ყველა კუთხიდან დაინახონ მოწოდებული საკითხი თუ ადამიანი, რადგან ხშირად წინიდან მზეთუნახავი, სხვა მხრიდან კუდიანი შეიძლება აღმოჩნდეს.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s