არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის მერს ბრალდებებს უყენებს.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი გია გოქაძე ირწმუნება, ის ფაქი, რომ 2017 წელს, საქართველოში ევროპის 19 წლამდე ასაკის ფეხბურთის ჩემპიონატი ქუთაისში არ ჩატარდება, შოთა მურღულიას “უმოქმედობის” ბრალია.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, რამდენიმე დღის წინ დასახელდა ის 4 ქალაქი, სადაც ჩემპიონატი ჩატარდება და მათ შორის ქუთაისი არ არის.
„ის ფაქტი, რომ ქუთაისი ვერ მოხდა იმ ქალაქებში, რომლებშიც ჩემპიონატი ჩატარდება არის სამწუხარო და მთელი პასუხისმგებლობა ქალაქის მერზე მოდის. რადგან შოთა მურღულიამ არ გამოიჩინა შესაბამისი აქტიურობა, რომ ფეხბურთის ფედერაციას ერთ-ერთ ქალაქად ქუთაისი შეერჩია. მურღულია მერად მთავრობაში გავლენიანი მეგობრების გამო აირჩიეს.
თუმცა, მას შემდეგ რაც ქუთაისმა პარლამენტი დაკარგა ვერც საუნივერსიტეტო ქალაქი გახდა, ევროპის ჩემპიონატი კი კარგი საშუალება იყო ქალაქისთვის, ფაქტია ამისთის ქალაქის მერი არაფერს აკეთებს და ქუთაისი არ ვითარდება,”- ამბობს გოქაძე.
უპასუხებს, თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების ბრალდებებს ქალაქის მერი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საქართველოში რამდენიმე დღის წინ დასახელდა ის 4 ქალაქი, (თბილისი, რუსთავი, გორი, მცხეთა) სადაც ჩემპიონატი ჩატარდება.
ევროპის 19 წლამდე ასაკის ფეხბურთის ჩემპიონატი საქართველოში 2017 წელს ჩატარდება და მასში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს, მათ შორის საქართველოს ნაკრები.
ანა ჯანაშია