რუსუდან გოცირიძე – ბიბლიაში სიცილისა და სიხარულისთვის საკმაოდ დიდი ადგილია დათმობილი

როგორ ურთიერთობს იუმორი რელიგიასთან? უქმნის თუ არა საფრთხეს სიცილი და იუმორის სხვადასხვა გამოვლინება რელიგიურ სიწმინდეებს? რამდენად არის იუმორის ადგილი რელიგიაში?
იუმორისა და რელიგიის ურთიერთობაზე ქუთაისიპოსტს ესაუბრება ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე.
– არაერთხელ მსმენია ასე ვთქვათ, ბიბლიური ანეკდოტები თავად მორწმუნე საზოგადოების მხრიდან. ანუ მორწმუნეებიც “მღერიან და ხუმრობენ“. წარმოადგენს თუ არა სტერეოტიპს რომ ნამდვილი მორწმუნე მაინცადამაინც „მჭვუნვარე“ უნდა იყოს?
– ბიბლია, არ არის ანეგდოტების კრებული, მაგრამ სიცილისა და სიხარულისათვის საკმაოდ დიდი ადგილია დათმობილი. იგავთა წიგნში ვკითხულობთ: „მხიარული გული აჯანმრთელებს, დავრდომილი სული კი ძვლებს ფიტავს“ (იგავთა 17:22). სხვა თარგმანებში მხიარული გული სწორედ გამოხატულია, როგორც სიცილი.
1149475_604958216194333_828465618_o

ყველაზე მკაცრი და „მჭმუნვარე“ პავლეც კი ეფესოს ეკლესიისადმი მიწერილ წერილში უამრავჯერ მოუწოდებს „იხარეთ, იხარეთ და კიდევ ერთხელ გეტყვით იხარეთ“.
ხშირად ბიბლიურ-რელიგიური „სიხარული“ აღქმულია, როგორც პასიური მდგომარეობა, რომელიც გულში მომავალი სამოთხით ტკბობაში გამოიხატება… იუმორი არის ენის, ეპოქის და კონტექსტის ღვიძლი შვილი. სხვადასხვა ენაში, კულტურასა და ეპოქაში ნამოგზაურები იუმორი გერივითაა და კარგავს იმ მნიშვნელოვან ნაპერწკლებს, ურომლისოდაც ოდესღაც სასაცილო გამონათქვამი ერთ ჩვეულებრივ და შეიძლება გაუგებარ წინადადებად მოგვევლინოს. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ბიბლიის რამდენიმე ფრაზა ძალიანაც სახალისო იყო თავისი ეპოქისა და ენის ადამიანებისათვის. მაგალითად, მე-2 ნეშტთა წიგნში საუბარია მეფე იორამის გარდაცვალებაზე „ისე მოკვდა არავის დანანებია, ისე კი დამარხეს სამეფო სამარხშიო“. მესმის, რომ არავის გაეღიმება ამ ფრაზაზე, რადგანაც არც იორამი ვიცით და არც მისი დამარხვა და გამოუტირებლობა გვაღელვებს.
როცა რელიგიასა და იუმორზე ვფიქრობ, ყოველთვის უმბერტო ეკოს „ვარდის სახელი“ მახსენდება. როგორ თავგამოდებით შეიძლება გულწრფელმა მორწმუნემ დევნოს და ეშინოდეს სიცილის. როგორ შეიძლება სიცილი, რაც ჯანმრთელობის წყაროდაც კია აღიარებული მეფსალმუნის მიერ, ადამიანს ბოროტის ბატონობის ნიშნად მოგეჩვენოს?!
მე მქონდა კალენდარი, სადაც ყოველ დღეს თითო რელიგიური ანეგდოტი ჰქონდა დართული. აქ იყო როგორც ქრისტიანული, ისე ინტერ-რელიგიური ანეგდოტებიც. დასავლეთში „ერთხელ ქრისტიანი მღვდელი, ებრაელი რაბინი და მუსლიმი მოლა…“ არის ყველაზე უფრო გავრცელებული ფრაზა, რითიც იწყებენ ანეგდოტებს. ალბათ ისეთივე პოპულარული, როგორც ქართულ ფოლკლორში „მიხო და მარო“ გვაქვს.
მე თუ მკითხავთ, იუმორის გრძნობა არის ადამიანის სიცოცხლის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი. და თუკი რელიგია სიცოცხლის რელიგიაა, მაშინ იუმორისა და სიცილის ადგილი სწორედაც რომ მის წიაღში უნდა იყოს. ჩვენს საღვთო წერილს „სახარება“ ქვია, სიხარულის ამბავი ქვია, ბედნიერების წყარო ქვია…
– არსებობს თუ არა რელიგიში (ან იმ რელიგიაში რომელსაც თქვენ ემსახურებით) ის კონდიცია, ის სივრცე, ის სიმაღლე, ადგილი, სადაც იუმორის ადგილი არ არის?
– ჭმუნვა, რა თქმა უნდა, მორწმუნე ადამიანის (ისევე, როგორც ნებისმიერი ცოცხალი ადამიანისათვის) ასევე ბუნებრივი მდგომარეობა. მონანიებას, ცოდვათა აღიარებას, რაღა თქმა უნდა ჭმუნვა და ფიქრი ჭირდება. მაგრამ, მონანიე ადამიანის ხატება, სამწუხაროდ, ჭეშმარიტი მორწმუნის ერთადერთ ხატებად ვაქციეთ და სწორედ დარდით, თალხითა და შეჭმუხნილი შუბლით გამოვხატავთ ჩვენს რელიგიურ მდგომარეობას.
– რამდენად ზარალდება სიწმინდე ან რწმენა დაცინვით?
– ამ თქვენს კითხვაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა არის „დაცინვა“. ხუმრობა და დაცინვა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ზოგი თვლის, რომ ყველა ხუმრობა დაცინვაა, უბრალოდ ზოგჯერ მგრძნობიარეები ვართ დაცინვის ობიექტისადმი და ზოგჯერ გულგრილი. მე კი ვთვლი, რომ რამდენად რთულიც არ უნდა იყოს ამ ორ ფენომენს შორის მიჯნის გავლება, მაინც სრულიად განსხვავებული მოვლენებია. დაცინვა, შეურაცხყოფა და დამცირება არა მგონია იყოს ჯანსაღი მოვლენა.
დაცინვის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვინ ვის დასცინის. თუკი დაცინვის ობიექტია ადამიანთა ის ჯგუფი, ის იდეები, ის მოვლენები, რომლებიც ისედაც დამცირებული და განაპირებულია საზოგადოებაში, მაშინ ვიღაცისათვის „უმტკივნეულო“ იუმორი იქცევა ხოლმე დევნის იარაღად. მაგრამ, როცა ბედავ და დასცინი იმას, რის წინაშეც თრთის საზოგადოება და რაც თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს, მაშინ შეიძლება ეს დაცინვა იყოს თავისუფლების იარაღიც. მახსენდება მეფეების წინააღმდეგ საიდუმლოდ გავრცელებული პამფლეტები… კომუნისტური რეჟიმის დროს ხშირად „ხალისობდნენ“ სასულიერო პირებზე. ფილმებში, იუმორისტულ ჟურნალებში, იუმორისტულ მონოლოგებსა თუ ანეგდოტებში ხშირად ვხვდებოდით რელიგიურ თემებს, რასაც ვეღარ ნახავ დღეს. ჩვენთან იოლად ხუმრობენ „იეღოველებზე“, იმიტომ რომ მათზე სიცილისას „არაფერი მოგივა“ (როგორც „ძველი ვოდევილების“ გმირი იტყოდა)
შარლი ებდოს ამბავი ჩემთვის არც იუმორის და არც თავისუფლების ნიმუშად ვერ გამოდგება, თუნდაც სწორედ იმის გამო, რომ საფრანგეთი არის ყველაზე უფრო სეკულარული ქვეყანა, სადაც რელიგიური ჯგუფები, რელიგიური თემები ისედაც მარგინალიზებულია.
– რა ჩიხია ის,სადამდეც შეიძლება რელიგიური გრძნობების დაცვამ მიგვიყვანოს საკანონმდებლო, ან პირადი ინიციატივის დონეზე?
– რელიგიური გრძნობები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახის გრძნობა არის ძალიან სათუთი და ამავდროულად ძალიან ინდივიდუალური მოვლენა. შენდეროვიჩი ამბობს, რომ მისი რელიგიური გრძნობები მაშინ ილახება, როცა „კაგებეშნიკი ვეებერთელა სანთლით ხელში დგას ტაძარში, როცა პატარა ბავშვს წერა კითხვის ნაცვლად პირჯვრის წერას ასწავლიან…“ . ჩემთვის რელიგიური გრძნობების შელახვაა, როცა მთიან აჭარაში ადგილობრივი ეპისკოპოსი მუსლიმურ სოფელში ცისტერნით ჩამოივლის და მოსახლეობის კარმიდამოს „ნაკურთხ წყალს“ მიასხამს, როცა იეჰოვას მოწმეების შესაკრებლის წინ ვეებერთელა ჯვარს აღუმართავენ, როცა წინაასაარჩევნოდ ყველა ტაძრებისა და კელაპტრების ფონზე პოზირებს…
ამას კანონით ვერ დაიცავ… და არც უნდა გაგიჩნდეს ამისი კანონით გაკონტროლების სურვილი. თანაც, იმ შემთხვევაში, როცა ჩვენი ქვეყნის კანონი არც ისეთი ბრმაა, როგორც გვგონია.
დღევანდელი ჩვენი კანონმდებლობა სრულიად საკმარისი იყო ყველა იმ დანაშაულის აღსაკვეთად ან დამნაშავეთა დასასჯელად, რაც ბოლო პერიოდში რელიგიურ ნიადაგზე იქნა ჩადენილი. სამწუხაროდ არც შსს და ზოგადად, არც ქართული სახელმწიფო არ აღმოჩნდა მოწადინებული მსგავსი „რელიგიური გრძნობების შელახვისა და შუღლის გაღვივების მცდელობის“ აღკვეთისათვის. ჰო და ამის შემდეგ მათ მიერ ინიცირებული „გულისამაჩუყებელი“ ყველა კანონი მხოლოდ შიშს მიჩენს. ერთადერთი, რისი გაკონტროლებაც კანონით არ შეუძლია სახელმწიფოს, ეს არის სიტყვის თავისუფლება. მე თანახმა ვარ ამ თავისუფლების დასაცავად, თუნდაც ისეთი იდეის გამოხატვის უფლება დავიცვა, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია.
მიუღებელ იდეასთან ბრძოლა იდეებით შეიძლება. მარტივია მიუღებელ კარიკატურასთან ავტომატით, თუნდაც ჯარიმებით ანდა ციხით ბრძოლა. რთულია მიუღებელ იდეებს იდეები დაუპირისპირო, დროს და დიდ მოწადინებას მოითხოვს… სამაგიეროდ, პირველ შემთხვევაში შედეგი ნულია, მეორის შემთხვევაში კი დიდი და საინტერესო შემეცნებითი პროცესია მთელი საზოგადოებისათვის.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s