ბოლო ერთი თვის მანძილზე, ლარმა დოლართან მიმართებაში გაუფასურება დაიწყო და 1 ერთი დოლარის ღირებულებამ 2, 05 ლარს მიაღწია.
ცენტრალურ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ მთავრობამ ლარის კურსის გამყარებაზე მუშაობა უკვე დაიწყო.
დღევანდელი მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 1,99 ლარს შეადგენს. თუმცა, ინფლაციური პროცესები ფასების ზრდაში გადაიზარდა.
ქუთაისში, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, პურის ღირებულებამ 0,05 ლარით მოიმატა.
როგორც ადგილობრივ მარკეტებში მომუშავე პერსონალი განმარტავს, მიმწოდებლებმა პური მომატებული ფასით მიმდინარე წლის 1 იანვრიდან შეიტანეს.
პურის მსგავსად, ლარის კურსის გაუფასურება უკვე აისახა სასურსათო პროდუქტების ფასებზე.
ადგილობრივ მარკეტებში, ფასები ძირითადად ტომატზე, ზეთზე და ბურღულეულზეა მომატებული.
ზეთის ღირებულება 0,20-0,50 ლარით გაიზარდა (ლიტრობის მიხედვით).
მაგალითად, თუ ერთი ლიტრი ზეთის ფასი 2, 20 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 2, 50 ლარია.
0,20-0,30 ლარით გაძვირებულია ტომატის ფასი (წონის მიხედვით) და 0,20 თეთრით მოიმატა ბრინჯის, გრეჩიხისა და მაკარონის ფასმა.
„ჯერჯერობით, ყველა პროდუქტი არ შემოუტანიათ გაძვირებული. თუმცა, გვეუბნებიან, რომ იმ კვირიდან ცოტ-ცოტა ყველაფერზე გაიზრდება ფასები. ლარის კურსი დაღმართში მიდის, დოლარის კურსი კი იმატებს. ძვირდება შემოტანილი პროდუქციაც და ადგილობრივიც,“ – ამბობს ქუთაისის ადგილობრივ მარკეტში მომუშავე, გულნაზ თუთბერიძე.
როგორც ბაზარში მოვაჭრები ამბობენ, სასურსათო პროდუქტებისგან განსხვავებით, ფასების ზრდა ჯერჯერობით არ შეხებია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. თუმცა, მოვაჭრეები უკმაყოფილებას მყიდველთა რაოდენობის შემცირებაზე გამოთქვამენ.
„ჯერ გლეხი არ აძვირებს სოფლის პროდუქტს, მაგრამ იმ გლეხმაც ხომ უნდა იყიდოს ეს გაძვირებული ზეთი და მაკარონი. რეალიზაციამ ძალიან მოიკლო, თითქმის განახევრებულია მყიდველთა რაოდენობა. თუ რამე არ შეიცვალა ალბათ, ფასები სოფლის პოდუქტზეც მოიმატებს მალე. ხალხს უჭირს, საშინელ მდგომარეობაშია მყიდველიც და გამყიდველიც,“ – ამბობს ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში მოვაჭრე, ნინო კვირკველია.
სასურსათო პროდუქტებზე ფასების მომატება ადგილობრივ მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევს.
„50 ლარით შემოვედი ბაზარში და ისე უცებ დაიხარჯა ეს ფული, ბევრი ის პროდუქტი ვეღარ ვიყიდე, რაც გათვლილი მქონდა. ასე თუ გაგრძელდა ეს სიტუაცია, არ ვიცი რა ეშველება მოსახლეობას,“- ამბობს დიასახლისი თამარ კოსტავა.
რა კონკრეტულ მიზეზებს უკავშირებენ ეკონომისტები ინფლაციური პროცესებს, რომელიც ფასების ზრდაში გადაიზარდა და რაში ხედავენ გამოსავალს? ნახეთ შეფასებები დღის ბოლოს „ქუთაისიპოსტზე“.
ანა ჯანაშია