ქუთაისში მცხოვრები ლია ჯოჯუა ირწმუნება, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორმა ილია ჯალაღონიამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
“მთავარი პროკურატურიდან ათობით წერილია მის სახელზე მოსული, რომ ჩემი საქმის გამოძიება დაიწყონ,”- ამბობს ლია ჯოჯუა.
ლია ჯოჯუა ქუთაისში წმინდა ნინოს ქ. №23-ში მდებარე ყოფილი ფოტოატელიეს შენობის დაბრუნებას ითხოვს. მისი თქმით, 10 წლის წინ ყოფილი ატელიეს შენობა მას შპს “მერკურის” დირექტორმა მოტყუებით წაართვა.
“თავდაპირველად თანხა შემომთავაზა რომ ფართი დამეთმო, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩემგან უარი მიიღო, შემოვარდა და ძალის გამოყენებით დამათმობინა ფართი. მას შემდეგ ვეძებ სამართალს, ჩემი საქმის შესახებ ცნობილია მთავარი პროკურატურისთვის და იქედან იგზავნება წერილები საოლქო პროკურორის, მისი მოადგილის სახელზე, რათა დაიწყონ მოკვლევა, თუმცა აქ არავინ არაფრად მაგდებს და პირიქით, შეურაცხყოფებს მაყენებენ,”- ამბობს ჯოჯუა.
როგორც ჯოჯუა ამბობს, ის საოლქო პროკურორს 48 საათს აძლევს, იმისთვის, რომ მის საქმეზე მუშაობა დაიწყონ.
“წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვიცი რას მოვიმოქმედებ და ვერც საკუთარ საქციელზე ვაგებ პასუხს,”-ამბობს ლია ჯოჯუა.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ლია ჯოჯუას საქმეზე კომენტარს არ აკეთებენ.
ანა ჯანაშია