ეკა კუხალაშვილის ბლოგი – რა უნდა აიკრძალოს საქართველოში?!

უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვებზე ალაპარაკდა და გარკვეული მორალური კატეგორიებით შებოჭილ მედიაზე გამოხატა საკუთარი ოცნება.
ბესელიას მორალურ სიმტკიცეში ეჭვი არავის ეპარება, ეჭვი მხოლოდ მისი იდეებისა და ამ კონკრეტული მოსაზრების ორიგინალობაში შეიძლება შევიტანოთ. ბესელიას დაასწრეს, მაგალითად რუსეთში და გამოხატვის თავისუფლების შემბოჭავი კანონები კარგა ხანია აამოქმედეს.
1977435_735998009754603_1763568879_n

მორალმა შებოჭა ლიტერატურა, კინო სადაც სკაბრეზული გამონათქვამების გამოყენება და „ამორალობის დანერგვა“ აიკრძალა. მოგეხსენებათ, მორალთან ერთად რუსეთში ჯანმრთელობის დაცვის საკითხიც დააყენეს და მაქმანიანი თეთრეულის, მათ შორის ტრუსებისა და ბიუსჰალტერების წარმოება- გაყიდვა აკრძალეს (თურმე ჯანმრთელობისთვის მავნებელი ყოფილა). მანამდე 40 წლამდე ქალებისთვის სიგარეტის მიყიდვას დაადეს ტაბუ, რუსეთში უფრთხილდებიან ნაციის ფაქიზ სმენას, ჯანმრთელობასა და ზნეობას.
მზრუნველობის აღნიშნულმა ტენდენციამ, როგორც ვხედავთ, ჩვენამდეც მოაღწია. რაც ალბათ, რუსეთთან ურთიერთობების გალღობა-დათბობამ და სხვა ფიზიკურმა მოვლენებმა განაპირობა. ამიტომ სასურველია, სანამ მთავრობას შეუმუშავებია აკრძალვები, (მაგალითად, 40 გრადუს სიცხეში გამაგრილებელი კონდენციონერის ჩართვის აკრძალვა – იმიტომ, რომ ადამიანს აცივებს, ნაყინის ჭამა – იმიტომ, რომ ასუქებს, შარფის ტარება, ღორის კოტლეტებისა და ბლინების მირთმევა, იმიტომ რომ თავის დროზე შარფმა აისიდორა დუნკანი, კოტლეტებმა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი და ბლინებმა ივანე კრილოვი მოკლეს და ა.შ), მომზადებული შევხვდეთ და მთავრობას აკრძალვის (იგივე მზრულველობის) ჩვენეული ჩამონათვალი შევაგებოთ.
საქართველოში სასურველია აიკრძალოს წაგება ფეხბურთში. უფრო მეტიც, დაინიშნოს მკაცრი სასჯელები ყოველ წაგებულ მატჩზე. გაფუჭებულ პენლებზე მაღალი ჯარიმებით. ხოლო „ფარჩაკ“ გუნდთან წაგება რამდენიმეწლიანი პატიმრობით განისაზღვროს (წლები ჩამოაკლდებათ ყოველი მოგებული მატჩით, რომელსაც გუნდი შსს-ს ბადრაგის მეთვალყურეობით ჩაატარებს), ხოლო ავტოგოლზე – სამუდამო პატიმრობა მიესაჯოთ. თუმცა ეს ბოლო რეგულაცია ვფიქრობთ არ გავა, მას დიდ წინააღმდეგობას გაუწევს ენერგეტიკის სამინისტრო.
რუსეთის მსგავსად, საქართველოშიც უნდა დაწესდეს აკრძალვა სკაბრეზულ გამონათქვამებსა და ყველანაირ უწმაწურობაზე. მკაცრი ტაბუ დაედოს ასოთშეთანხმებას „ტყ“, თუმცა მხოლოდ ყოფით ცხოვრებაში. სამაგიეროდ, მიენიჭოს სრული თავისუფლება მრავალსართულიან გინებას ლიტერატურასა და კინოში. თუკი ჯიგარ ქართველს გინება მოუნდება მან ეს ლექსად, ან სიმღერით ან კინოს საშუალებით უნდა გამოთქვას, სხვა შემთხვევაში დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცემა და მის წინააღმდეგ საქმე აღიძვრება.
საქართველოში უნდა აიკრძალოს მეუღლეების, პარტნიორების ერთგულება. რადგან მოგეხსენებათ აკრძალული ხილი ტკბილია და ყველა აკრძალულს მიეძალება ანუ ჩუმ-ჩუმათ, და დაფარულად აღასრულებს ერთგულებას.
უნდა აიკრძალოს საქართველოს ტბებსა და კერძო აუზებში ზვიგენის ყოლის ვალდებულება, მართალია ეს ვალდებულება ჯერ არავის უხსენებია, თანაც ზვიგენოფილია ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ერთ მოქალაქეში შეინიშნება, თუმცა ეს ერთიც სრულიად საკმარისია, რომ დაფრთხეს ადამიანი. ამიტომ აუცილებლად უნდა შემუშავდეს კანონპროეტი, რომელიც, ყოველი შემთხვევისთვის მაინც, აკრძალავს ზვიგენებს, პითონებს და ალიგატორებს ჩვენს ბინებში.
მრავალი წელია დაყენებული იყო საკითხი გამოთქმის „გრძელი თმა მოკლე ჭკუა“, აკრძალვის თაობაზე, რადგან ამ მინიშნებაში ქალებს გულისხმობდნენ, თუმცა ახლა მომრავლდნენ სხვა გრძელთმიანები, ძლიერი ინსტიტუციის წარმომადგენლები, ამიტომ გამოთქმის „გძელი თმა მოკლე ჭკუა“ აკრლავის გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს, რადგან ახალმა გრძელთმიანებმა აჩვენეს, რომ ეს გამონათქვამი ხშირ შემთხვევაში ძალიანაც მართალია.
რეგლამენტი დაუწესდეთ თამადებს და სიგრძე და გარშემოწერილობა შეუმცირდეთ ყანწებს. ცნობისმოყვარე მეზობლებს აეკრძალოთ დურბინდების შეძენა, ასევე ჭორიკნებს ააიპ „ჭორბიუროდ“ დარეგისტრირება.
იყო მოსაზრება საკუთარი თავის ქებისა და სხვისი ლანძღვის აკრძალვის დაწესებაზე, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ამ აკრძალვამ შესაძლებელია მასობრივი დამუნჯება გამოიწვიოს – სხვა სალაპარაკო თემის ვერგამონახვის გამო – აბა მარტო ამინდზე რამდენ ხანს უნდა ილაპარაკო?!
აიკრძალოს ხეების ჭრა, ჭადრების გასხვლა და მათი ტაბურეტებისთვის დამგვანება. და ზოგადად, ტაბურეტის კულტის დამკვიდრებას შეეშალოს ხელი.
აიკრძლოს ტოტების მოჭრაც, განსაკუთრებით იმ ტოტის, რომელზეც ზიხარ (სხვათაშორის ამ ტოტთა სიაშია გამოხატვის თავისუფლებაც).
მოკლედ ასაკრძალი კიდევ ბევრია, გააჩნია რას კრძალავ და როგორ უდგები საკითხს – ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მაქმანიან ტრუსებს და სიცოცხლის შესანარჩუნებლად შარფებს აკრძალავ, თუ ჯანდაცვის ეფექტურ პროგრამებს აამუშავებ.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s